ტრენინგი შრომით-სამართლებრივი დავებზე

IMG_4669

30/06 ტრენინგი შრომით-სამართლებრივი დავებზე

2017 წლის 29 ივნისს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ სასტუმრო ROOMS HOTEL თბილისი-ში გამართა ტრენინგი შრომით-სამართლებრივი დავებზე. ღონისძიება   ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის  მიერ დაფინანსებული სიფას პროექტის – “ადვოკატის როლის გაძლიერება მართლმსაჯულების  სისტემაში” ფარგლებში განხორციელდა.

ტრენინგს უძღვებოდნენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, ქალბატონი ქეთევან მესხიშვილი, იურიდიული ფირმა „ღვინაძე და პარტნიორები“-ს უფროსი იურისტი, ზაქარია შველიძე და კომპანია „EY GEORGIA“ს იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელი გიორგი სვანაძე.

ტრენინგი მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დასაშვები და დაუშვებელი საფუძვლები ეროვნული და  საერთაშორისო შრომის სტანდარტების მიხედვით. ასევე, ტრენერებმა ისაუბრეს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივ შედეგებზე და გააკეთეს შრომითი და სასამსახურო ხელშეკრულების შედარებით-სამართლებრივი ანალიზი. ქალბატონმა ქეთევან მესხიშვილმა თითოეულ საკითხთან მიმართებით ტრენინგის მონაწილეებს გააცნო სასამართლო პრაქტიკა, ხოლო გიორგი სვანაძემ და ზაქარია შველიძემ ისაუბრეს თავიანთი გამოცდილების შესახებ შრომით ურთიერთობებთან მიმართებით.

ზაქარია შველიძემ ტრენინგის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო შრომის სტანდარტების როლზე ეროვნულ სამართლებრივ სივრცეში და საერთაშორისო კონვენციებზე დაყრდნობით განიხილა შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებში არსებული რამოდენიმე აქტუალური და პრობლემური საკითხი.

გიორგი სვანაძე ტრენინგის მონაწილეებს ესაუბრა იმაზე, თუ რამდენად შეიძლება უცხო ქვეყნის სამართლის და უცხო ქვეყნის სასამართლოს არჩევა შრომის ხელშეკრულებაში და როგორ ხორციელდება დავის გადაწყვეტა ასეთ შემთხვევებში. ასევე, გიორგი სვანაძემ დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია თუ რა პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშია შესაძლებელი შრომით-სამართლებრივ დავებთან დაკავშირებული უცხო ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება საქართველოში.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ზრუნავს წევრთა საჭიროებებზე და ამ მიზნით კვლავ გეგმავს გამართოს სხვადასხვა ღონისძიებები.