გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარების ტრენინგი

20170929_113311

02/10 გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარების ტრენინგი

2017 წლის 26-27 და 29-30 სექტემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ G4G-ის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარება“ ფარგლებში კიდევ ორი ტრენინგი გამართა.

26-27 სექტემბრის ტრენინგს თემაზე „საგადასახადო სამართლებრივი ასპექტები გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცესში“ G4G-ის ოფისმა უმასპინძლა. ტრენერად მოწვეული იყო საგადახადო ექსპერტი, ბატონი ლადო ჭაბაშვილი. ბატონი ლადო დამსწრეებს ესაუბრა საგადასახადო სამართლის ზოგად საკითხებზე და გადახდისუუნარობის პროცესში მყოფი კომპანიის საგადასახადო ვალდებულებათა სპეციფიკაზე გადასახადის სახეების მიხედვით. ასევე, საუბარი იყო საგადასახადო დავების მართვის პროცესზე, მაღალი საგადასახადო რისკის შემცველ ოპერაციებზე და საგადასახადო აღრიცხვის არასათანადო წარმოების და ნაღდი ფულადი სახსრების მოძრაობასთან დაკავშირებულ რისკებზე. ტრენინგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასში აქტიურად იყვნენ ჩართული პროექტის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეული იურისტები.

29-30 სექტემბერს გამართული ტრენინგი დაეთმო „კრიზისის მართვას და მოლაპარაკების ხელოვნებას“. ტრენინგი გაიმართა სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi და მიზნად ისახავდა გადახდისუუნარობის მმართველთა მომზადებას მათი საქმიანობის ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილისთვის, როგორიცაა კრედიტორთა კრების გამართვა და კრედიტორებთან მოლაპარაკების სწორად წარმართვა. ტრენინგს ლიცენზირებული პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში და სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი ირინა ჭოჭუა უძღვებოდა. ქალბატონმა ირინამ დამსწრეებს გააცნო ეფექტური კომუნიკაციის უნარები, რეპრეზენტაციული სისტემები და რეპრეზენტაციული სისტემების ლექსიკა. ტრენინგის მონაწილეებმა გაიგეს საუბრის სხვადასხვა სტრატეგიებისა და არავერბალური კომუნიკაციის შესახებ. მათ ასევე ისწავლეს, თუ როგორ ხდება მუშაობა პიროვნების ემოციურ მდგომარეობაზე და როგორ შეიძლება გავუმკლავდეთ წინააღმდეგობას.
სულ, 2017 წლის სექტემბერში სიფა-მ გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხუთი ორდღიანი ტრენინგი გამართა.