ლანჩ-მითინგი კორპორატიული ეთიკის საკითხებზე

ლანჩ-მითინგი კორპორატიული ეთიკის საკითხებზე

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, 2018 წლის 1 თებერვალს, სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi ლანჩ-მითინგი გამართა. ლანჩ-მითინგის თემა განისაზღვრა სიფას წევრთა საჭიროებების გათვალისწინებით და იგი შეეხებოდა იურიდიული ფირმების კორპორატიული ეთიკის სტანდარტებსა და ორგანიზაციულ – სამართლებრივი მოწყობის საკითხებს.

შეხვედრას უძღვებოდნენ იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე – ზვიად კორძაძე, იურიდიული ფირმა „კორძახია ჟღენტი“-ს პარტნიორი – ირაკლი კორძახია, აღნიშნული ფირმის ადვოკატი – ნანუკა ჭკუასელი და ადვოკატთა ასოაციაციის ეთიკის კომისიის მთავარი იურისტი – თამარ ხუბულური.

ლანჩ-მითინგზე მოწვეულნი იყვნენ როგორც სიფას წევრი იურიდიული ფირმების, ასვე სხვა იურიდიული კომპანიების პარტნიორები და ადვოკატები. შეხვედრაზე საუბარი იყო იურიდიული ფირმების ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის და კორპორატიული ეთიკის სტანდარტებთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტი სიფას მიმდინარე პროექტის „ადვოკატის როლის გაძლიერება მართლმსაჯულების სისტემაში“ ფარგლებში შეიქმნა და მასზე მუშაობდა სიფას მიერ სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი.

ლანჩ-მითინგზე მომხსენებლებმა ისაუბრეს სამუშაო დოკუმენტში ასახულ ისეთი საკითხებზე, როგორიცაა იურიდიული ფირმის შიგნით კონფიდენციალობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა. მათ შორის, იურიდიული ფირმის არაადვოკატი თანამშრომლების და მომსახურების მომწოდებელ მესამე პირთა მიერ კონფიდენციალობის პრინციპის დაცვისათვის შესაბამისი კონტროლის უზრუნველყოფა. ასევე, კონფიდენციალური ინფორმაციის გავრცელების ფარგლები ადვოკატის/არაადვოკატის ერთი იურიდიულ ფირმიდან სხვა იურიდიულ ფირმაში სამუშაოდ გადასვლის შემთხვევის დროს. ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა ახალი თანამშრომლის მიღებისას და მისი კონტროლი.

შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო იურიდიული ფირმების ორგანიზაციულ –
სამართლებრივი მოწყობის საკითხებზე, უფრო კონკრეტულად კი, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე იურიდიულ ფირმაში, ადვოკატების სავალდებულო დაზღვევის საკითხზე და იურიდიული ფირმების ერთიან რეესტრში დარეგისტრირების აუცილებლობაზე.

ღონისძიება განხორციელდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG) მხარდაჭერით.