სიფას რიგით მე-6 საერთო კრება და საახალწლო წვეულება

სიფას რიგით მე-6 საერთო კრება და საახალწლო წვეულება

2018 წლის 27 დეკემბერს სიფას რიგით მე-6 საერთო კრება და საახალწლო წვეულება გაიმართა.

საერთო კრებაზე ასოციაციის თავმჯდომარემ დამსწრეებს 2018 წლის აპრილიდან 2018 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ასოციაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და ისაუბრა სიფას მიერ განხორციელებული პროექტისა და საგანმანათლებლო ღონისძიებებისა თუ აქტივობების შესახებ.

კერძოდ, 2018 წელს სიფამ განახორციელა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მხარდაჭერილი პროექტი „იურიდიული კლინიკების როლის გაძლიერება უმაღლეს განათლებაში“, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა 7 თბილისის და 1 რეგიონის უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის კვლევა. ასევე, პროექტის ფარგლებში გაიმართა კონფერენცია იურიდიული კლინიკების შესახებ საერთაშორისო ექსპერტის, ისევე, როგორც უნივერსიტეტების, იურიდიული დახმარების სამსახურის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობით. ასევე, საერთაშორისო ექპერტთან ერთად, შემუშავდა იურიდიულ კლინიკებში სწავლების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული რეკომენდაციები და ორდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ კვლევაში მონაწილე ყველა უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკის ზედამხედვლ ადვოკატებს, მათ შორის, ტრენინგი ჩაუტარდათ შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს.
გარდა ამისა, 2018 წელს სიფამ TBC ბანკთან ერთად ჩაატარა კონფერენცია პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის თემაზე. სიფას პროექტის „მხარეთა შეჯიბრებითობის გაძლიერება სისხლის სამართლის პროცესში“ ფარგლებში, გაიმართა საკანონმდებლო წინადადების და კვლევის „მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გაძლიერება მტკიცებულებათა მოპოვების, წარდგენისა და გამოკვლევის პროცესში“ პრეზენტაცია. სიფა ჩართული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების შემუშავების პროცესში, ასევე, სიფასა და ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის თანამშრომლობით, გამოცხადდა და გამოვლინდა გამარჯვებულები გიორგი მარგიანის სახელობის სამართლებრივი სტატიების კონკურსში. აღნიშნულის ფარგლებში, გამარჯვებულ სტუდენტებს სიფას წევრმა იურიდიულმა ფირმებმა წიგნების ვაუჩერი და სტაჟირებები შესთავაზეს.
2018 წელი მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას ყავს გამგეობის ახალი შემადგენლობა და ასევე, სიფამ განაახლა ინსტიტუციური აკრედიტაცია, რაც მის წევრებს საშუალებას აძლევს სიფას მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობის შედეგად კვლავ დააგროვონ განგრძობადი იურიდიული განათლების სავალდებულო კრედიტები.
საერთო კრების დასრულების შემდეგ, სიფას წევრებმა „გარდენია შევარდნაძე“-ში გადაინაცვლეს, არაფორმალურ გარემოში შეაჯამეს 2018 წელი და ერთად აღნიშნეს დამდეგი შობა-ახალი წელი.