საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის განცხადება საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა), რომელიც აერთიანებს ქვეყნის წამყვან 25 იურიდიულ ფირმას და 200-მდე ადვოკატს, ეხმიანება საქართველოს უზენაეს სასამართლოში, კონკურსის საფუძველზე, შერჩეულ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა, სანდოობა და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნება უმნიშვნელოვანესია არა მარტო მართლმსაჯულების სისტემის გამართულად მუშაობისთვის, არამედ მთლიანად სახელმწიფოსა და მისი მომავალი განვითარებისთვის.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ქვეყნის წინსვლა, განვითარება და დემოკრატიული ღირებულებების სიმყარე შესაძლებელია მხოლოდ   თავისუფალი, დამოუკიდებელი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული სასამართლოს პირობებში.

მიუხედავად იმისა, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებები მთელი რიგი ხარვეზებით შევიდა, რისი უარყოფაც შეუძლებელია, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აცნობიერებს, რომ პროცესის გარეთ დარჩენა და მხოლოდ მაკრიტიკებლის როლში ყოფნა შეიძლება კომფორტული, მაგრამ არასწორი პოზიციაა.

აღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. სიფა აცხადებს რომ,

– ყურადღებით დააკვირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მთელ პროცესს, დაწყებული გამჭვირვალობიდან, დასრულებული კონკრეტული კანდიდატების შერჩევის დასაბუთებით;

– თითოეული კანდიდატის მიმართ ექნება თავისი პოზიცია, რომელიც დაეფუძნება ასოციაციის წევრი ადვოკატების და კოლეგების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, კანდიდატების, განსაკუთრებით კი მოქმედი მოსამართლეების სამოსამართლეო საქმიანობის შესახებ და მზადაა მოსამართლეთა შერჩევამდე, პროცესში ჩართულ ნებისმიერ ორგანოს, მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია კონკრეტულ კანდიდატებთან დაკავშირებით;

– მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას არაერთმა კანდიდატმა მომართა რეკომენდაციის თხოვნით, ჩვენ თავი შევიკავეთ კონკრეტული კანდიდატისთვის რეკომენდაციის მიცემისგან, რათა უზრუნველყოფილი იქნას სიფას, როგორც ნეიტრალური და პროცესების სრულად დამკვირვებელი პირის სტატუსი.

  1. სიფა მხარს უჭერს საქართველოს უზენაესი სასამრთლოს მოქმედი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას დაკავებულ თანამდებობეზე. სრულად იზიარებს ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას: “პარლამენტმა უნდა განიხილოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეების უფლებამოსილების განსაზღვრული ვადის განუსაზღვრელ ვადად გარდაქმნის საკითხი. აღნიშნული აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ სულ მცირე 11-მა გამოცდილმა მოსამართლემ გააგრძელოს უზენაეს სასამართლოში საქმიანობა, რითაც (ა) გარკვეულწილად შემსუბუქდება ის შედეგი, რომელიც ახლავს პარლამენტის მიერ სრულიად ახალი უზენაესი სასამართლოს შექმნას და (ბ) გამოცდილი მოსამართლეების გარკვეული რაოდენობა და არა მხოლოდ ახლადარჩეული მოსამართლეები, განიხილავს საქმეებს, რაც ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციურ სტაბილურობას და თანმიმდევრულობას”.
  2. სიფას მიაჩნია, რომ არ უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სრული დაკომპლექტება პირველივე ეტაპზე გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე და მომავალ საკანონმდებლო ორგანოს მიეცეს შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში.

იურიდიული ფირმების ასოციაცია იმედს გამოთქვამს, რომ ამჯერად მაინც მოხერხდება პროცესების სანდოობის უზრუნველყოფა და საქართველოს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესდებიან მაღალი რეპუტაციისა და პროფესიონალიზმის მქონე მოსამართლეები.

 

იურიდიული ფირმების ასოციაციის

თავმჯდომარე

ზვიად კორძაძე