სამუშაო შეხვედრა “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის თაობაზე”
24 მაისს, კახეთში, ლოპოტაზე, “უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ კანონმდებლობის თაობაზე” სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრი იურიდიული კომპანიის ადვოკატები, საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები: “ფონდი ღია საზოგადოება საქართველო”, ამერიკის იურისტთა ასოციაცია(ABA), USAID-ის პროექტი PROLoG-ის წარმომადგენელი და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე და მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და იურიდიული სამმართველოს უფროსი.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირებების თაობაზე. კერძოდ, კანონი ავალდებულებს ადვოკატებს, რომ ფულის გათეთრების გარიგებების გარიგების თავიდან აცილების მიზნით კლიენტის იდენტიფიცირება მოახდინონ და აწარმოონ დოკუმენტების სისტემატიზაცია და შენახვა. ადვოკატებმა ხაზი გაუსვეს კანონით დადგენილ წესს, რომ კლიენტის კონფიდენციალური ინფორმაცია დღევანდელი კანონით და საერთაშორისო სტანდარტითაც არ უნდა იქნეს მიწოდებული ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის. ასევე შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საკანონმდებლო ცვლილებებზე ფულის გათეთრების კანონში და აღნიშნეს, რომ ცვლილებებმა არ უნდა შეაფერხოს ადვოკატის პროფესიული საქმიანობა, არ უნდა შეუქმნას საფრთხე ადვოკატსა და კლიენტს შორის არსებულ ნდობას.