საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის განცხადება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან და საქართველოს საერთო სასამართლოების სიტემაში შექმნილ ვითარებათან დაკავშირებით

 საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ბოლო თვეების განმავლობაში ყურადღებით აკვირდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოში განვითარებულ პროცესებს, მოსამართლეთა დანიშვნასთან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და საქართველოს საერთო სასამართლოების სიტემაში შექმნილ უმძიმეს ვითარებას და თავს ვალდებულად თვლის დააფიქსიროს პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 25 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საბჭოს მოქმედი წევრის ლევან მურუსიძის, ასევე სხვა  პირების მოსამართლედ გამწესების შესახებ. აღნიშნულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება იყო იმ არაჯანსაღი პროცესის ლოგიკური დასასრული, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეა იუსტიციის საბჭოში ვითარდება და რომელიც თვალნათლივ ჩანდა იუსტიციის საბჭოს სხდომებზე.

სახეზეა ისეთი პრობლემები, როგორებიცაა მოსამართლეთა შერჩევის მექანიზმის და ფორმის ბუნდოვანება, მიღებული გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა, პროცედურის გაუმჭვირვალობა, დაპირისპირება წევრებს შორის, გარიგებები, დაჯგუფებები საბჭოს შიგნით და ყველა მხარის, უპირველესად საზოგადოების უნდობლობა მიღებული გადაწყვეტილებებისადმი.

თუკი აქამდე ეს მხოლოდ ვარაუდები და ტენდენციები იყო, 25 დეკემბერს სხდომაზე განვითარებულმა მოვლენებმა და რაც ყველაზე უფრო უცნაური და საგანგაშოა ამ სხდომის შემდეგ საბჭოს არამოსამართლე წევრების მიერ გავრცელებულმა განცხადებამ, თვალნათლივ წარმოაჩინა ამ პრობლემების სიღრმე და სიმწვავე.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი შეეცადა აეხსნა საზოგადოებისთვის  ბატონი ლევან მურუსიძის დანიშვნასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები. თავიანთ ერთობლივ განცხადებაში წევრები მიუთითებენ, რომ:

– „ბატონ მურუსიძეს, არასახარბიელო რეპუტაცია გააჩნია საზოგადოებაში და არც იმის განჭვრეტა იყო რთული, რომ მის ხელახალ გამწესებას მოჰყვებოდა მკვეთრად უარყოფითი შეფასებანი ჩვენს საზოგადოებაში“.

– „თუ მხოლოდ სასამართლოსადმი ხალხის ნდობის თვალსაზრისით ვიხელმძღვანელებდით, მისი დანიშვნა მართლაც არ იქნებოდა გამართლებული“.

მაგრამ ამასთან თავს იმართლებენ იმით, რომ:

– „არსებობდა იმის რეალური საფრთხეც, რომ ბატონი მურუსიძის კანდიდატურის უარყოფას შეიძლებოდა გამოეწვია სხვა, უწინარესად კი იმ კანდიდატებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების წარმოშობა, რომლებსაც არამოსამართლე წევრები ვუჭერდით მხარს. კენჭისყრა შესაძლოა დამთავრებულიყო ნულოვანი შედეგით“.

ამ განცხადებიდან ნათელია, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები გადაწყვეტილების მიღებისას არ ზრუნავენ სასამართლოსადმი ნდობის ამაღლებაზე. ამრიგად, სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის დამანგრეველი გადაწყვეტილების მიღების გამართლებას საბჭოს წევრები ცდილობენ გარიგებებით, რომელიც მიუღწევიათ საბჭოს მოსამართლე წევრებთან. გარიგების შინაარსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ ბატონი მურუსიძის მხარდაჭერის სანაცვლოდ მოსამართლე წევრებმა მხარი დაუჭირეს არა-მოსამართლე წევრების კანდიდატურებს.

საზოგადოების ნდობა სასამართლოს მიმართ სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიის ქვაკუთხედია. მიუღებელი და დაუსაბუთებელია ის მოტივი, რომელიც სახელდება ნდობის შემარყეველი გადაწყვეტილების მიღების საფუძვლად. გამართლებად ვერ გამოდგება არა-მოსამართლე წევრებისთვის სასურველი მოსამართლეების კანდიდატების დანიშვნის  ობსტრუქცია მოსამართლე წევრების მხრიდან, თუნდაც სასამართლო სისტემის გადატვირთულობის პირობებში.

ასეთი გადაწყვეტილებები, მათი მიღების მოტივაცია, ვერ წაადგება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, პროფესიონალ და მიუკერძოებელ მოსამართლეთა წახალისებას, საკუთრივ თითოეული მოსამართლის და მთელი სასამართლო სისტემის ავტორიტეტის და ნდობის გაზრდას. სასამართლო სისტემის მიმართ დაბალი ნდობის და ამით გამოწვეული უარყოფითი შედეგების სამწუხარო მაგალითები გქვონდა არც თუ ისე შორეულ წარსულში. საზოგადოების, იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა პოზიციის ამგვარი იგნორირება, სრულიად სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანს.  ეს განცხადება წარმოადგენს აღიარებას იმისა, თუ რა ვითარებაში იქნა მიღწეული მიუღებელი და სრულიად გაუმართლებელი კომპრომისი სასამართლო სისტემის საზიანოდ.

ამასათან საყურადღებო და ხაზგასასმელია ის, რომ მაშინ როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ასეთი არაჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს, სასამართლო სისტემაში შექმნილია ვითარება, რომელიც სათანადო რეაგირების გარეშე სისტემის სრულ კოლაფსს გამოიწვევს. თითოეულ მოსამართლეზე ასეულობით საქმეა განაწილებული განსახილველად, რაც გამორიცხავს არა მარტო დროულ და ეფექტურ მართლმსაჯულებას, არამედ მიღებული გადაწყვეტილებების მინიმალურ სტრანდარტს და ხარისხს. სასამართლო განხილვები ჭიანურდება უკვე არა თვეები, არამედ წლები და სამწუხაროდ დღემდე არ მოგვისმენია თუ რა გზები და საშუალებები მიაჩნია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიზანშეწონილად ამ უმწვავესი პრობლემის მოსაგვარებლად. ამ პრობლემის მხოლოდ მოსამართლეთა არასაკმარისი რაოდენობით ახსნა კიდევ ერთხელ მეტყველებს საკითხისადმი არასიღრმისეულ დამოკიდებულებაზე.

სახელმწიფო ინსტიტუტები არსებობს იმისთვის, რომ მოაგვაროს და გადაწყვიტოს პრობლემები, რომელებიც მათ კომპეტენციას განეკუთნება და არა გაამწვავოს და დროში გაწელოს იგი. იუსტიიის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ეჭვქვეშ დააყენა ამ ინსტიტუტის ეფექტურობა, სანდოობა და დღის წესრიგში დააყენა მისი რეფორმირების აუცილებლობა.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას აუცილებლად მიაჩნია სასამართლო რეფორმის მორიგი ეტაპის ფარგლებში გათვალისწინებული იქნას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილი არაჯანსაღი სიტუაცია. რეფორმის შედეგად გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს გამჭირვალედ, წევრთა ინტერესთა კონფლიქტი უნდა დარეგულირდეს საკანონმდებლო მექანიზმებით, უნდა აღმოიფხვრას მოსამართლე და არა-მოსამართლე წევრების გარიგებები, რაც შორს არის პროფესიონალი და კეთილსინდისიერი მოსამართლეების შერჩევის იდეისგან, მოქმედი კანონმდებლობით უნდა მოხდეს ასეთი არაჯანსაღი პრაქტიკის პრევენცია. ამრიგად, აუცილებელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ისეთი რეფორმირება, რომელიც უპასუხებს სასამართლო სისტემის წაინაშე მდგარ გამოწვევებს.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, რომელიც აერთიანებს საქართველოს წამყვან 25 იურიდულ ფირმას და 200 -მდე  ადვოკატს, კვლავაც გაააგრძელებს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების მონიტორინგს, ამასთან გამოთქვამს მზადყოფმას დაინტერესებულ უწყებებს მიაწოდოს არა მარტო პრობლემათა შესახებ ინფორმაცია, არამედ გაუზიაროს მათი გადაჭრის კონკრეტული ხედვები და წინადადებები.