ტრენინგი სიფას წევრებისთვის
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) ორგანიზებით, 2021 წლის 21 ივნისს, საერთო-სამუშაო სივრცეში „ტერმინალი“, სიფას წევრი ადვოკატებისთვის ჩატარდა ტრენინგი, სამშენებლო სამართლის საკითხებთან დაკავშირებით.
ტრენინგს უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის ყოფილი თავმჯდომარე, ექსპერტი კერძო სამართლის მიმართულებით ქ-ნ მზია თოდუა.
ტრენინგზე განხილული იქნა როგორც საერთო სასმართლოების მიღებული გადაწყვეტილებები ტრენინგის თემატიკასთან მიმართებით, აგრეთვე ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- არის თუ არა ბათილი სახელშეკრულებო დათქმა, რომლის მიხედვითაც ბინის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ვადამდე მოშლისას, მყიდველს უბრუნდება ფაქტობრივად გადახდილი ნასყიდობის თანხა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამყიდველი განმეორებით გაასხვისებს აღნიშნულ ბინას მესამე პირზე და ახალი შემძენი გადაიხდის ნასყიდობის თანხას? თუ თანხის დაბრუნების ამავე პირობა პარალელურად დროში იზღუდება (მაგრამ, არაუგვიანეს.)?
- შესაძლებელია თუ არა ბინის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებაში ფორს-მაჟორად განისაზღვროს სასამართლოს მიერ მშენებლობის შეჩერების შემთხვევა?
- მუშა-ხელთან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა მომსახურებაა თუ შრომითი კოდექსი ვრცელდება მასზე?
- როდესაც მიწის მესაკუთრეები (მაცხოვრებლები) აუქმებენ დეველოპერთან დადებულ აღნაგობის ხელშეკრულებას და ითხოვენ აღნაგობის საფუძველზე შექმნილი ქონების (მშენებარე კორპუსი) საკუთრებაში გადმოცემას, მათი ეს მოთხოვნა შესაძლებელია თუ არა, რომ დაკმაყოფილდეს დეველოპერის მიერ უკვე გასხვისებული ფართების ნაწილში? და ა.შ
ტრენინგმა აქტიურ და ცხარე დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა და მასში მონაწილეობას იღებდა სიფას 20 ადვოკატი.
ტრენინგი ორგანიზებული იყო სამშენებლო სამართლის პრატიკული კურსის ფარგლებში, რომელიც 4 თვის განმავლობაში გრძელდებოდა და დასრულდა წარმოდგენილი ტრენინგით.