სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების თაობაზე
2015 წლის 20-21 ივნისს, კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა სიფას გასვლითი შეხვედრა სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის მიზნით. სამოქალაქო სამართლის სამუშაო ჯგუფის ადვოკატებმა შეიმუშავეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების საბოლოო პროექტი იუსტიციის სამინისტროს წინაშე წარსადგენად. შეხვედრა გაიმართა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინტიტუტის მიერ განხორციელებულ პროექტის „საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერა“ ფინანსური მხარდაჭერით.
2014 წლის სექტემბერში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელ საბჭოს მიმართა წინადადებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. ასოციაციის წინადადება შეეხებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსით აღიარებული შეჯიბრებითობის პრინციპის გამყარებას, ასევე უზრუნველყოფის ღონისძიებების, დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და სასამართლოში წარმომადგენლობის საკითხებს. იუსტიციის სამინისტრომ მოიწონა სიფას შეთავაზება სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებების შემუშავების თაობაზე. აღნიშნული ცვლილებები განსახილვევლად გადაეცემა იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელ საბჭოს.