„კომპანიის დირექტორების და პარტნიორების გამჭოლი პასუხისმგებლობა“
2015 წლის, 24 ნოემბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა კონფერენცია თემაზე „კომპანიის დირექტორების და პარტნიორების გამჭოლი პასუხისმგებლობა“. კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ: ნინო ბაქაქური, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე და გიორგი ბათლიძე, ადვოკატი, „სიფა“-ს წევრი იურიდიული კომპანია „BLC”-ის პარტნიორი.
კონფერენციაზე განხილეს კომპანიის დირექტორთა პასუხისმგებლობის სამართლებრივი საფუძვლები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, მათ შორის მიმოიხილეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ გარკვეულ საგამონაკლისო შემთხვევებში დირექტორს და/ან პარტნიორს შესაძლოა დაეკისროს პასუხისმგებლობა კომპანიის საგადასახადო ვალდებულებებისათვის, რაც გულისხმობს, რომ სათანადო წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, კომპანიის პარტნიორი და/ან დირექტორი პერსონალურად ხდებიან პასუხისმგებელნი კომპანიის კრედიტორების წინაშე.
ღონისძიებას „სიფა“-ს წევრი იურიდიული კომპანიის ადვოკატები, ასოცირებული წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე.
კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ.