გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარების ტრენინგი
USAID G4G-ის მხარდაჭერით, 2017 წლის 24-26 ივლისს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ ტექნოპარკში გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარების სამდღიანი ტრენინგი გამართა. ტრენინგი 5 თვიანი პროფესიული გადამზადების კურსის პირველ ეტაპს წარმოადგენდა, რომლის მთავარი მიზანია გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული გაერთიანების შექმნა და ამით ქვეყანაში მაღალკვალიფიციური გადახდისუუნარობის მმართველთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ტრენინგს ესწრებოდა კონკურის წესით შერჩეული 20 მონაწილე, რომელთაც სრული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ “დასრულების სერტიფიკატი” გადაეცემათ.
ტრენინგს უძღვებოდა გერმანიიდან მოწვეული, სპეციალიზებული ადვოკატი გადახდისუუნარობის მიმართულებით და გამოცდილი გადახდისუუნარობის მმართველი დოქტორი გეზა შტემბერგი. ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია კომპანიის გადახდისუუნარობის წარმოების გერმანულ მოდელზე. კერძოდ, საუბარი იყო გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების, გადახდისუუნარობის საქმის მმართველის შერჩევის და გადახდისუუნარობის საქმის დროებითი (წინასწარი) წარმოების პროცედურების შესახებ. გარდა ამისა, მოწვეულმა ტრენერმა ისაუბრა გადახდისუუნარობის მმართველის პასუხისმგებლობისა და ანაზღაურების საკითხებზე. ტრენინგი პრაქტიკული სავარჯიოშოების და მაგალითების განხილვით დასრულდა.