საქართველოს იურიდიულ ფირმების ასოციაციის განცხადება საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის შეჩერების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება – უარი თქვას 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნასა და ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარი საბიუჯეტო გრანტის მიღებაზე – არის ქვეყნის ევროინტეგრაციაზე უარის თქმის პირველი ოფიციალური განაცხადი.
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი 30-ზე მეტი წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ დიდი შრომისა და ძალისხმევის ხარჯზე მიაღწია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს უამრავი წინაღობისა და გამოწვევების მიუხედავად.
ევროკავშირის წევრობისკენ სვლა არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს ეკონომიკურად ძლიერ, დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოდ. მთავრობის ამგვარი გადაწყვეტილება მხოლოდ ევროინტეგრაციაზე უარს კი არ წარმოადგენს, არამედ ღია აღიარებაა იმისა, რომ ხელისუფლება აჩერებს ქვეყნის განვითარების პროცესს და ავტოკრატიული მმართველობის დაკანონებას ცდილობს.
წარმოდგენილი გადაწყვეტილებას ყურადღებით გავეცანით და მიგვაჩნია ქვეყნისთვის ზიანის მომტანად ის შედეგები, რაც მთავრობის ამგვარ ნაბიჯს მოჰყვება მოკლე და გრძელვადიან პერიოდში – საქართველოს კიდევ უფრო მეტი იზოლაცია დასავლელი პარტნიორებისაგან; უარყოფითი ეკონომიკური გავლენა, რომელიც ძალიან ბევრ ოჯახზე აისახება; ინვესტიციიების შემცირება; ახალგაზრდა თაობისთვის შესაძლებლობების შეზღუდვა; ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობის შემცირება და რაც მთავარია, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების დაკარგვა.
ევროპისკენ სვლა ქართველი ერის ისტორიული არჩევანია. ეს არჩევანი დღეს უკვე გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით, რომლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. მთავრობის 2024 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, უარი თქვას ქვეყნის წინაშე აღებული აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე, ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაეს კანონს – საქართველოს კონსტიტუციას და არ გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობას ნებას.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრები მხარს ვუჭერთ საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, როგორც ქვეყნის განვითარების, კეთილდღეობის და სტაბილურობის მთავარ წინაპირობას.