
საქართველოს იურიდიულ ფირმების ასოციაციის განცხადება მიმდინარე მოვლენებზე
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ეხმაურება 2025 წლის 24 ივნისის სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც ბრალდებულებს სავალდებულო წესით დაენიშნათ საზოგადოებრივი ადვოკატი. მიგვაჩნია, რომ ამგვარი პრეცედენტის დაშვება უგულებელყოფს მხარეთა დამოუკიდებლობას, ამცირებს ადვოკატის პროფესიულ თავისუფლებას და საფრთხეს უქმნის ადვოკატსა და კლიენტს შორის სანდოობას.
აღსანიშნავია იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების პროცესში დაგეგმილი ცვლილებები. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში განხორციელდა რეფორმები სასამართლოს გაჯანსაღების, გამჭვირვლობის და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. მაგრამ, სამწუხაროდ სასამართლო ხელისუფლებამ ვერ დაიმკვიდრა ჯანსაღი, სამართლიანი და დამოუკიდებელი არბიტრის როლი. წარმოდგენილი ცვლილებებით, არა-მოსამართლე პირების რაოდენობის შემცირება და სასამართლოს შენობაში აუდიო-ვიდეო გადაღების აკრძალვა აღიქმება სისტემის კიდევ უფრო დახურვად და გამჭვირვალობის შემცირებად.
ბოლო ექვსი თვის განმავლობაში გავრცელებული პრაქტიკა დღითიდღე ამცირებს სასამართლოს მიმართ სამართლიანობისა და ნდობის მოლოდინს არა მარტო იმ პირებში, ვისაც უწევს სასამართლოსთან შეხება, არამედ საზოგადოებაში აძლიერებს სასამართლოს მიმართ უნდობლობას, აჩენს დაუცველობის და შიშის განცდას.
გარდა ზემოთ აღნიშნული, შემაშფოთებელი პრაქტიკული და საკანონმდებლო ცვლილებებისა, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების საფუძველზე ჩამოყალიბებულმა ერთპარტიულმა პარლამენტმა განახორციელა ან/და გეგმავს განახორციელოს რიგი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პირდაპირ ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ მხოლოდ რამდენიმეს გამოვყოფთ ამ განცხადებაში.
- სიტყვისა და გამოხატვის უფლების დაგეგმილი შეზღუდვა, რომელიც კონსტიტუციური პრინციპების დარღვევით უკუქცევით ძალას ანიჭებს ახალ, დამამძიმებელ ნორმებს.
- შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების შეზღუდვა არა-ადექვატური წესებისა და ჯარიმების შემოღების გზით.
- საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, რომლებიც ზღუდავენ სამართლიანი არჩევნების უფლებას.
- გაერთიანების უფლების შეზღუდვა დისკრეციული გამჭვირვალობის კანონმდებლობის შემოღების გზით.
ყოველდღიურად ინერგება მავნე პრაქტიკა, რომელიც პირდაპირ ლახავს კონსტიტუციით გარანტირებულ:
- ღირსების ხელშეუვალობას (პოლიციის მიერ უამრავი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევები, ბოდიშის მოხდის დაბრუნება სანქციის სახით, ა.შ.)
- ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას
- პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებას
- აზრის, ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა და ინტერნეტის თავისუფლებას
- პოლიტიკური პარტიის და საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებებს
მიგვაჩნია, რომ ბოლო დრიონდელი სასამართლო პრაქტიკის და განხორციელებული და მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების ნებას “დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა”.