დავით კვაჭანტირაძე

დავით კვაჭანტირაძე VBAT-ის გუნდის წევრია მისი დაფუძნების დღიდან. 2005 წლიდან, იგი არის კომპანიის პარტნიორი. დავითის ხელმძღვანელობით ხორციელდება VBAT-ის პრაქტიკა სისხლის სამართალში.

 

2010 წლიდან, დავითი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადვოკატებისთვის სხვადასხვა ტრენინგ-მოდულებისა და სახელმძღვანელოების შემუშავებაში. იგი ასევე სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების (საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, ამერიკის იურისტთა ასოციაცია, ევროსაბჭო, ევროკავშირი, ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში) სერტიფიცირებული ტრენერია პროფესიული ეთიკის, სისხლის სამართლის პროცესის, სასამართლო უნარ-ჩვევების, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვის, სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთებისა და სამართლებრივი მართლწერის საკითხებში.

 

2015 წელს, დავითის თანაავტორობით, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის საერთაშორისო ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) მხარდაჭერით, გამოიცა  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარები.

 

2012-2013 წლებში, დავითი იყო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრი და, ამავე პერიოდიდან, იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ტრენერი საადვოკატო ეთიკის საკითხებზე. დავითი არის ერთ-ერთი თანაავტორი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გამოცემისა – „ეთიკის კომისიის საქმიანობა, პრეცედენტები, რეკომენდაციები (2010-2013).“

დავითი არის საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის გამგეობის წევრი და სისხლის სამართლის ჯგუფის ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობითა და ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველო“-ს მხარდაჭერით, 2015-2016 წლებში, სიფა-ს მიერ განხორციელდა სამი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების მომზადებას და საკანონმდებლო თუ სასამართლო პრაქტიკის ხარვეზების გამოსწორებას.

 

2015 წლიდან, დავითი არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი. იგი ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ნიუ ვიჟენ“ უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორია სისხლის სამართალში და სისხლის სამართლის პროცესში.