გიორგი გიორგაძე

გიორგი გიორგაძე ქართულ-ნორვეგიული კანონის უზენაესობის ასოციაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ასოციაცია, ქართველი და ნორვეგიელი ექსპერტების ჩართულობით 2014 წლიდან ხელს უწყობს იურიდიული პროფესიის განვითარებას საქართველოში.

 

გიორგი გიორგაძე 7 წელზე მეტია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში (NORLAG), ამერიკის იურისტთა ასოციაცია ABA და ევროპის საბჭო ჩართული იყო ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციონალური გაძლიერებისა და ადვოკატთა პროფესიული უნარების განვითარებისკენ მიმართულ პროექტების განხორციელებაში. მისი უშუალო ჩართულობით გარემონტდა და აღიჭურვა ადვოკატთა ასოციაციის იურიდიული ბიბლიოთეკა. ქართულად ითარგმნა და უფასოდ ხელმისაწვდომი გახდა პროფესორ ფილიპ ლიჩის წიგნი – „როგორ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“ და ბატონი ჯეიმს მოლიტერნოს წიგნი „ ადვოკატთა პროფესიული ეთიკის გლობალური საკითხები“.

 

გიორგი გიორგაძე გახლავთ ამერიკის იურისტთა ასოციაციის ეგიდით გამოცემული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პირველი კომენტარების მთავარი რედაქტორი. მისივე რედაქტორობით, გამოიცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ზოგადი ნაწილის სახელმძღვანელო პროფესორ გიორგი თუმანიშვილის ავტორობით. გიორგი გიორგაძის ინიციატივითა და რედაქტორობით ქართულად ითარგმნა და გამოიცა ცნობილი ნორვეგიელი კრიმინოლოგის პროფესორი ნილს კრისტის საყოველთაოდ აღიარებული წიგნები: „ ტკივილის საზღვრები“ და „ დანაშაულის კონტროლი როგორც ინდუსტრია“

გიორგი გიორგაძე არის ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ  გამოცემული  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის საბაზისო და გაძლიერებული ტრენინგებისთვის სახელმძღვანელოების თანაავტორი.

 

გიორგი გიორგაძე 2006 წლიდან გახლავთ ამერიკის იურისტთა ასოციაციის მიერ  სერტიფიცირებული ტრენერი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო ადვოკატირების უნარჩვევები, სისხლის სამართლის პროცესის აქტუალური საკითხები, სამართლებრივი მართლწერა, სასამართლო ექსპერტიზა, საქმის მომზადება სასამართლო განხილვისთვის. გიორგი გიორგაძე არის ადვოკატთა ასოციაციისთვის შექმნილი სისხლის სამართლის პროცესის საკითხებთან დაკავშირებული არაერთი სასწავლო მოდულის ავტორი და თანაავტორი.

 

გიორგი გიორგაძე 2005 წლიდან არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2005-2010 წლებში მუშაობდა იურიდიული დახმარების სამსახურში სხვადასხვა პოზიციებზე. მას მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში უფასო იურიდიული დახმარების სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.