გიორგი სვანაძე

გიორგი სვანაძე 2016 წლიდან ხელმძღვანელობს საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია EY საქართველოს იურიდიულ პრაქტიკას. მანამდე იგი ხელმძღვანელობდა ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალი სხვა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის იურიდიულ დეპარტამენტს და ასევე სამუშაო გამოცდილება დააგროვა სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიულ კომპანიასა და კორპორაციაში საქართველოსა და გერმანიაში. 2006 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

საადვოკატო პრაქტიკის პარალელურად, გიორგი ეწევა აკადემიურ საქმიანობას. იგი არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული-პროფესორი. სხვადასხვა პროექტების ფარგლებში გიორგის საერთაშორისო კერძო- და საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო სამართლის აქტუალურ პრაქტიკულ საკითხებზე მიწვეული მომხსენებლის სახით ჩატარებული აქვს არაერთი სემინარი თუ საჯარო ლექცია ადვოკატებთან, მოსამართლეებთან, ნოტარიუსებთან, საჯარო რეესტრის იურისტებთან და სხვა. იგი არის სახელშეკრულებო სამართლის სახელმძღვანელოსა და სამოქალაქო კოდექსის ახალი კომენტარების თანაავტორი და ასევე ქართულ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე შესრულებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორი.

ბიზნეს-სამართლის ეროვნული ცენტრის (NCCL) შექმნის მომენტიდან ცენტრის აკადემიური თანა-დირექტორის რანგში აქტიურად იყო ჩართული ცენტრის მიერ იურისტებისათვის ორგანიზებული სხვადასხვა საგანმანათლებლო-აკადემიური და პრაქტიკოსი იურისტებისათვის მოწყობილი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებაში.

გიორგი არის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ განხორციელებული და ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის – „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ – მიწვეული ექსპერტი საერთაშორისო კერძო სამართლისა და სამოქალაქო, სამეწარმეო და საოჯახო საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების საკითხების მიმართულებით.

გიორგის დამთავრებული აქვს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა, იგი არის ბუცერიუსის სამართლის სკოლისა და ოტო ბაისჰაიმის სახელობის მენეჯმენტის სკოლის (გერმანია) მაგისტრი ბიზნეს-სამართალში, ხოლო ქრისტიან-ალბრეხტის სახელობის უნივერსიტეტში (გერმანია) დაცული აქვს სადოქტორო დისერტაცია, რის საფუძველზეც მიენიჭა სამართლის დოქტორის ხარისხი. მშობლიური ქართული ენის გარდა იგი ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.