კონფერენცია – “იურიდიული კლინიკების როლი და მნიშვნელობა უმაღლეს სასწავლებლებში”
2018 წლის 14 ივნისს, სასტუმროში „თბილისი მარიოტი“ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის „იურიდიული კლინიკების როლის გაძლიერება უმაღლეს განათლებაში“ ფარგლებში კონფერენცია გამართა.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს: ზვიად კორძაძემ – საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარემ, კახა წიქარიშვილმა – ევროკავშირისა და გაეროს ერთობლივი პროგრამის ექსპერტმა, ლაშა მარგიშვილმა – უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, რიჩარდ გრაიმსმა – ბრიტანელმა ექსპერტმა კლინიკური სწავლების სფეროში, ირაკლი ბურდულმა – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის მოადგილემ, მელიტონ ბენიძემ – იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა და ნათია ხანთაძემ – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა.
კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულმა იურიდიული ფაკულტეტებისა და კლინიკების ხელმძღვანელებმა, ადვოკატებმა, ლექტორებმა, პროფესორებმა და სტუდენტებმა. კონფერენციას უძღვებოდა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე და პროექტის ექსპერტი, ზვიად კორძაძე.
კონფერენციის მიზანი იყო საჯარო დისკუსიის გამართვა იურიდიული კლინიკების სწავლების მნიშვნელობასა და როლზე, როგორც იურიდიული პროფესიის განვითარების, ასევე სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი უფასო იურიდიული მომსახურების გაწევის კუთხით. კონფერენციაზე საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ექსპერტებმა, დავით კიკალეიშვილმა და ნინო ბოგვერაძემ, დამსწრე საზოგადოებას გააცვნეს ადგილობრივი იურიდიული კლინიკების შესახებ განხორციელებული კვლევის შედეგები. ასევე, კონფერენციაზე პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკების მოდელის პრეზენტაცია. იურიდიულ კლინიკებსა და იურიდიული დახმარების სამსახურს შორის შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრა იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა, მელიტონ ბენიძემ.
რაც შეეხება კონფერენციის მთავარ მომხსენებელს, ბრიტანელმა ექპერტმა, პროფ. რიჩარდ გრაიმსმა, ისაუბრა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ და კონფერენციის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოში არსებული იურიდიული კლინიკური სწავლების გაუმჯობესების კონკრეტული ინიციატივები და რეკომენდაციები.
პროექტი „იურიდიული კლინიკების როლის გაძლიერება უმაღლეს განათლებაში“ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება, მათი ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში, რომლის მიზანია, იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდა. აღნიშნული ინიციატივა ევროკავშირის უფრო ფართო პროგრამის, EU4Justice, ნაწილია, რომელიც წარმოადგენს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ჩარჩოს მართლმსაჯულების სისტემის განვითარების სფეროში.