ლანჩ-მითინგი მიწის საკუთრებასთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე
2019 წლის 17 ივნისს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ წევრთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასტუმრო Rooms Hotels Tbilisi გამართა ლანჩ-მითინგი მიწის საკუთრებასთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრაზე სადისკუსიოდ გამოტანილი იყო “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” ორგანული კანონის პროექტი და ახლად მიღებული ორგანული კანონი “შრომის უსაფრთხოების შესახებ”. მონაწილეები გაეცვნენ იმ ძირითად პრინციპებს და სამართლებრივ რეგულაციებს, რომელსაც წარმოდგენილი კანონმდებლობა ითვალისწინებს, ასევე გამოწვევებს, რომელიც შეიძლება თან ახლდეს ახალ რეგულაციებს კანონის აღსრულების პროცესში.
შეხვედრის პირველ ნაწილს უძღვებოდნენ და შეკითხვებს პასუხობდნენ: გიორგი მარჩილიძე – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის იურისტი, ლინა ჯიქია – ამერიკის სავაჭრო პალატიდან და გიორგი ჯუღელი – საქართველოს ინვენსტორთა საბჭოდან. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” ორგანული კანონის პროექტის განხილვისას, ძირითადი აქცენტი გაკეთდა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლთან მიმართებით.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველოს ორგანულ კანონს “შრომის უსაფრთხოების შესახებ”, რომელსაც უძღვებოდნენ დიმიტრი ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, რაისა ლიპარტელიანი – საქართველოს პროფესიული კავშირების თავმჯდომარის მოადგილე და მარიამ ქუჩულორია – ევროპული ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენელი. შეხვედრის წარმოდგენილ ნაწილში განხილული იქნა შრომითი უფლებები, შრომითი ურთიერთობები, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ინსტიტუტი, შრომის ინსპექციის საქმიანობა და გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ა/წ 1 სექტემბრიდან კანონის სრულ ამოქმედებას.
შეხვედრა დისკუსიის და კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის 40-მდე წევრი. ღონისძიებას ფინანსური მხარდაჭერა გაუწია გაეროს განვითარების პროგრამამ საქართველოში (UNDP GEORGIA).