მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება ადვოკატებისათვის!
„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ამიერიდან ადვოკატის საქმიანობაში უკანონო ჩარევა დანაშაულებრივი ქმედებაა და ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. კანონპროექტი მომზადდა სიფას სისხლის სამართლის ჯგუფის მიერ ფონდ ,, ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით შემუშავებულ “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნველყოფისათვის რეკომენდაციების შემუშავება” პროექტის ფარგლებში.
აღნიშნული ცვლილებების შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე და 365-ე მუხლების თანახმად დაცვის განხორციელებისთვის ხელის შეშლის მიზნით ადვოკატის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევა დანაშაულად ჩაითვლება და გამომძიებლისა და პროკურორის საქმიანობაში უკანონო ჩარევის ანალოგიურად დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 180-დან 240 საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 1 წლამდე. ასევე, დაცვის განხორციელებასთან დაკავშირებით ადვოკატის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
„საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“ მადლობას უხდის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს აქტიური თანამშრომლობისთვის და ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვის განტმკიცებაში წვლილის შეტანისათვის.