მორიგი ტრენინგი გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარებისთვის
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებით, გრძელდება ტრენინგების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და G4G-ის მხარდაჭერილი პროექტის – „გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარება“ (RFA # 2017-014) ფარგლებში.
ამჯერად ტრენიგები გაიმართა 2017 წლის 11-12 და 20-21 სექტემბერს, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების და ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის თემაზე. კერძოდ, ტრენინგს თემაზე – „აქტივების და ვალდებულებების შეფასების ასპექტები გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცესში“ უძღვებოდა საქართველოს ეკონომიკური კვლევების ბიუროს დამფუძნებელი, საგადასახადო მრჩეველი და აუდიტორი ბატონი ნიკოლოზ ოსტაპენკო, ხოლო 20-21 სექტემბერს, ტრენინგი თემაზე – „ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვა”, ჩაატარა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ფინანსურმა მენეჯერმა – თამარ კვირიაშვილმა.
ტრენერებმა დამსწრე საზოგადოებას გააცვნეს აქტივების და ვალდებულებების შეფასების საერთაშორისო სტანდარტები. ასევე, საუბარი იყო აქტივების და ვალდებულებების შეფასების მეთოდებსა და შესაბამისი ანგარიშის მომზადების თავისებურებებზე. ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის თემაზე გამართული ტრენინგის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის ზოგად საფუძვლებზე, სააღრიცხვო პოლიტიკაზე, ბუღალტრული ბალანსის არსსა და მის ძირითად კომპონენტებზე. ასევე, თამარ კვირიაშვილი მონაწილეებს ესაუბრა მოგება-ზარალის ანგარიშგების თავისებურებებზე, შემოსავლის, ხარჯის, საგადასახადო ბაზის, დეკლარაციების და ფინანსური ანგარიშგების შინაარსზე.
პროექტის მიზანია გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული გაერთიანების შექმნა და ამით ქვეყანაში მაღალკვალიფიციური გადახდისუუნარობის მმართველთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.