მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გაძლიერება სისხლის სამართლის პროცესში – კვლევის პრეზენტაცია

2018 წლის 24 აპრილს, სასტუმრო თბილისი მერიოტში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ კვლევის  „მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გაძლიერება მტკიცებულებათა მოპოვების, წარდგენისა და გამოკვლევის პროცესში“ პრეზენტაცია გამართა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს დემოკრატიის, მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორმა (USAID) ლაურა ბერგერმა, უშუალოდ კვლევის შესახებ კი, პროექტის ექსპერტებმა – დავით კვაჭანტირაძემ და ქეთევან ჩომახაშვილმა ისაუბრეს.

კვლევა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერილი პროექტის, „მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის გაძლიერება სისხლის სამართლის პროცესში“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიზანი იყო მხარეთა თანაბარი უფლებების უზრუნველყოფა სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებათა მოპოვების, წარდგენისა და გამოკვლევის ეტაპზე.

პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა მხარეთა შეჯიბრებითობასთან დაკავშირებული ადგილობრივი და საერთაშიროსო კველევი და რეკომენდაციები. ასევე, განხორციელდა შეხვედრები სახლემწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლოს წარმომადგენლებთან. გარდა ამისა, პროექტის გუნდი თანამშრომლობდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატებთან. ასევე,  35 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილების მქონე სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტთან – მოსამართლე რიჩარდ გებელინთან, რომელმაც პროექტის ექსპერტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები პროექტის ფარგლებში შემუშავებულ კვლევასთან და კანონპროექტთან დაკავშირებით.

კვლევა შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოწმის დაკითხვის წესი, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვის წესი,  მტკიცებულების პირველადი გამოკვლევის უფლება, მტკიცებულებების გაცვლა, მტკიცებულებათა რელევანტურობის შეფასება სისხლის სამართლის პროცესში და სხვა.

კვლევის საფუძველზე, პროექტის ექსპერტების მიერ საკანონმდებლო წინადადება მომზადდა, რომელიც 2018 წლის იანვარში წარედგინა პარლამენტს და ამჟამად საკომიტეტო მოსმენის ეტაპზეა.

სიფა მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერისა და თანმშრომლობისთვის.