პროექტის „გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარება“ დასკვნითი ღონისძიება
2017 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, პროექტის – „გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარება“ ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების სახით გამართა კერძო-საჯარო დისკუსია. დისკუსიას, პროექტში მონაწილე ადვოკატებთან ერთად, ესწრებოდნენ გადახდისუუნარობის სფეროთი დაინტერესებული იურისტები, ასევე შემოსავლების სამსახურის, აღსრულების ეროვნული ბიუროს და თი-ბი-სი ბანკის წარმომადგენლები. დისკუსიის თემა იყო „გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიის განვითარება, როგორც გადახდისუუნარობის რეფორმის მნიშვნელოვანი ეტაპი.” აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში, პროექტის მენეჯერმა ნანა ამისულაშვილმა დამსწრეებს გააცნო პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, ისაუბრა პროექტის შედეგებზე და სამომავლო გეგმებზე. კერძოდ, იგეგმება გადახდისუუნარობის მმართველთა ასოციაციის დაფუძნება, რომლის მიზანი იქნება გადახდისუუნარობის როგორც სამართლის დარგის განვითარება და გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიის გაძლიერება.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო გადახდისუუნარობის მმართველთა ასოციაციის კონცეფცია და ეთიკის პრინციპები, რომელიც იყო დისკუსიის მთავარი თემა. დამსწრეებმა შეაფასეს გადახდისუუნარობის მმართველთა ასოციაციის კონცეფცია და ისაუბრეს მოსალოდნელ რისკებზე და შედეგებზე.
პროექტი „გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარება“ მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ G4G-ის მხარდაჭერით. სპეციალურად ამ პროექტისთვის შერჩეულ მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები გადახდისუუნარობის სამართლის სფეროში. საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, მოწვეული იყო გერმანელი და ინგლისური გადახდისუუნარობის სამართლის ექსპერტები, რომლებმაც გამართეს სამდღიანი ტრენინგები გადახდისუუნარობის გერმანულ და ინგლისურ მოდელებზე და ახალი იდეები მიაწოდეს პროექტის გუნდს.
პროექტის მიზანი იყო გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული გაერთიანების შექმნა და ამით ქვეყანაში მაღალკვალიფიციური გადახდისუუნარობის მმართველთა ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტს „მმართველობა განვითარებისთვის“ G4G-ს მხარდაჭერისთვის.