საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმოხილვა

2015 წლის 1 ივნისს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“  ევროკავშირის პროექტის  “საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა დისკუსია თემაზე „საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმოხილვა“. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს იურიდიული ფირმების  ასოციაციის წევრი იურიდიული კომპანიის ადვოკატები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარე  გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები  ქეთი ერემაძე, ლალი ფაფიაშვილი და კონსტანტინე  ვარძელაშვილი,  ევროკავშირის პროექტის „საკონსტიტუციო სასამართლოს მხარდაჭერა საქართველოში“ ხელმძღვანელი გიორგი ტუღუში. შეხვედრაზე მოსამართლეების მიერ წარმოდგენილ იქნა ბოლო წლების სასამართლო გადაწყვეტილებების ანალიზი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო წარდგინების ინსტიტუტსა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების საკითხებზე. დისკუსიის მონაწილეებმა აგრეთვე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, საკონსტიტუციო სასამართლოს როლი  კანონშემოქმედებით საქმიანობაში და ადვოკატის როლი საკონსტიტუციო მართმსაჯულების ხელშეწყობაში.  შეხვედრის მიმდინარეობისას ადვოკატებმა გამოხატეს მოსაზრება, რომ სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტში ადვოკატების ჩართულობა გააუმჯობესებს ადვოკატის როლს და მონაწილეობას მართლმსაჯულების პროცესში. შეხვედრის ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა გამოთქვეს მსგავსი დისკუსიების და კონფერენციის მოწყობის სურვილი და მზადყოფნა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ადვოკატებთან ერთად.