„სამართლიანი სასამართლოს ევროპული სტანდარტები“

2016 წლის 15-16 თებერვალს, სასტუმრო „რუმსში“ „სიფა“-ს წევრი ადვოკატებისათვის ჩატარდა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „სამართლიანი სასამართლოს ევროპული სტანდარტები“. ტრენინგს უძღვებოდნენ: საერთაშორისო ექსპერტი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ბატონი ჯერემი მაკბრაითი, ადამიანის უფლებათა ევროპული სამართლის ექსპერტი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ქალბატონი ნანა მჭედლიძე და სისხლის სამართლის ექსპერტი, სიფა-ს წევრი იურიდიული ფირმა “VBAT”-ის პარტნიორი, ბატონი დავით კვაჭანტირაძე. ექსპერტების მიერ მიმოხილულ იქნა ევროკონვენციის მე-6 მუხლთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა საქმის განხილვა მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ; უდანაშაულობის პრეზუმცია და სასამართლოში წარმომადგენლობა; მოწმის დაკითხვის წესი; საპროცესო შეთანხმება და იმ მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი, რომელიც მოპოვებულია კონვენციის გათვალისწინებული უფლების დარღვევის შედეგად. აგრეთვე განიხილეს ევროკონვენციის მე-6 მუხლის გამოყენების საკითხი სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში და სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი პრაქტიკა საქართველოში. ტრენინგი მიმდინარეობდა აქტიური კითხვა-პასუხის რეჟიმში. ტრენინგის დასასრულს მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოს სახით განიხილეს ექსპერტების მიერ მათთვის მომზადებული კაზუსი. ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტების: „საქართველოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენება და ეროვნული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან“ ფარგლებში.