სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა სიფას მონაწილეობით
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მონაწილეობით, 2019 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატში, სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა საკასაციო პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა.
საკითხები, რომელიც განხიხილეს სხდომის ფარგლებში, შეთავაზებული იქნა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიერ და შემდეგნაირად იყო წარმოდგენილი:
1. ა) მოსამართლის მიერ საქმის მომზადება, ფაქტებზე მითითების უფლების შეზღუდვის ფარგლები; ბ) სარჩელის უზრუნველყოფის შებრუნების მტკიცების სტანდარტის განსხვავებულობა სარჩელის უზრუნველყოფის სტანდარტთან; გ) იძულების შედეგად დადებული გარიგების საცილოობა თუ უცილოდ ბათილობა – მიმართება ხანდაზმულობისა და შეცილების ვადებთან;
პირველი საკითხის პრობლემურობა წარმოადგინა სიფას წევრმა, სპს საადვოკატო ბიურო “კორძახია, ჟღენტის” პარტნიორმა, ადვოკატმა ირაკლი კორძახიამ.
2. მეორე საკითხი – სასამართლოს მეგობრის მოსაზრება და მნიშვნელობა სამოქალაქო სამართალწარმოების დროს, სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის საჭიროება სამოქალაქო სამართალწარმოებაში – წარმოადგინა სიფას წევრმა, EY Georgia-ს ასოცირებულმა პარტნიორმა, ადვოკატმა გიორგი სვანაძემ და უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსმა მარინე კვაჭაძემ. სხდომის მონაწილეებს დაურიგდათ უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ მომზადებული და გამოცემული ბროშურა ,,სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის როლი სამართალწარმოების პროცესში.“
3. დღის წესრიგის მესამე საკითხი მიეძღვნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტთან დაკავშირებით არსებული სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვას. პრაქტიკასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მიმოხილვა წარმოადგინეს სიფას წევრმა, საადვოკატო ბიურო “ნოდია, ურუმაშვილი და პარტიორები”-ს მმართველმა პარტნიორმა, ადვოკატმა ლაშა ნოდიამ და უზენაესი სასამართლოს ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესწავლისა და განზოგადების განყოფილების უფროსმა სანდრო ჯორბენაძემ.
თითოეული საკითხის წარმოდგენის შემდეგ, გაიმართა ცხარე დისკუსია მოსამართლეების, სიფას წევრი ადვოკატებისა და ექსპერტების რანგში მოწვეული სამეცნიერო წრეების წარმომადგნლების ჩართულობით.
დასასრულს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, მზია თოდუამ შეაჯამა სხდომის მუშაობა. დიდი მადლობა გადაუხადა სიფას პრობლემატური საკითხების წარმოჩენის გამო, კიდევ ერთხელ აღნიშნა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ფორმატის მნიშვნელობა, მისი როლი სამართალწარმოებაში ჩართული ყველა მხარის და ზოგადად, მართლმსაჯულების პრაქტიკის განვითარება-გაძლიერებაში და განაცხდა, რომ უზენაესი სასამართლო ყოველთვის მზადაა მონაწილეობა მიიღოს ასეთი ფორმატის შეხვედრებში.
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომაში მონაწილეობას იღებდა საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის 30-მდე ადვოკატი.