სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტის განხილვა

2016 წლის 22 იანვარს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში  იუსტიციის სახლში გაიმართა  „სიფა“-ს მიერ შემუშავებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტის განხილვა.

განხილვას ესწრებოდნენ იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების სამუშაო ჯგუფის, მოსამართლეების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასოციაციის თავმჯდომარემ, ზვიად კორძაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო  სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებათა პროექტი ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, დაუსწრებელი გადაწყვეტილება,  წარმომადგენლობა და ადვოკატის ხარჯები, მოწმის დაკითხვის წესი, ექსპერტიზა, მოსამზადებელ სხდომაზე საქმის დასრულება, მედიაცია და არბიტრაჟი. ცვლილებების მთავარი მიზანია სამოქალაქო პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის განმტკიცება და მართლმსაჯულების პროცესის  ეფექტურობის და ეკონომიურობის ხელშეწყობა.

შეხვედრა წარიმართა აქტიური დისკუსიისა და განხილვის რეჟიმში. „სიფა“-ს მიერ შემოთავაზებული ცვლილებების ნაწილი გაზიარებულ იქნა მოსამართლეთა და სხვა დამსწრე პირთა მიერ, ხოლო სადავო საკითხებზე მოსამართლეებს განესაზღვრათ წერილობითი შენიშვნების წარმოდგენის  ერთთვიანი ვადა.

შეხვედრის დასასრულს შეთანხმებულ იქნა სამუშაო შეხვედრებისა და განხილვების ჩატარების  აუცილებლობა მომავალში, კანონპროექტის მომზადების მიზნით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებებს მხარს უჭერს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტი „საქართველოში კანონის უზენაესობის მხარდაჭერა“.