საქართველოს იურიდიულ ფირმების ასოციაციის განცხადება
საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
2023 წლის 27 თებერვალი
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ შეისწავლა პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ ინიცირებული კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და თვლის, რომ ამ კანონის მიღება არ არის მიზანშეწონილი და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს ინიციატივას.
დღევანდელი მსოფლიო, რეგიონული და სახელმწიფოებრივი გამოწვევების გათვალისწინებით ამგვარი ინიციატივები ხელს უშლის საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის განვითარებას და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მიერ განსაზღვრული სტანდარტებით სამოქალაქო სექტორის შემოთავაზებული რეგულირება ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას, კონფიდენციალობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვას, აგრეთვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და ფუნდამენტურ საყოველთაო და ევროპულ ღირებულებებს. გასათვალისწინებელია, რომ მიუხედავად ცალკეული დისკუსიებისა, ევროპის სტრუქტურები არ განიხილავენ ახალი კანონმდებლობის ან რეგულაციების შემოღებას, რომელიც სამოქალაქო სექტორს შემზღუდველ პირობებს შეუქმნის. ამის თვალსაჩინო მაგალითია უნგრეთი, რომელსაც მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუწია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრაციის და „აგენტად“ შერაცხვის კანონის გაუქმება. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის რეგულაციებთან. ევროპულ კანონმდებლობასთან ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებით, განსაკუთრებით ყურადღებით არის მისაღები ადამიანის უფლებათა შემზღუდავი ნებისმიერი კანონი. მით უფრო მიზანშეუწონელი და დამაზიანებელია იმგვარი კანონის მიღება, რომელიც განხილული და უარყოფითად შეფასებულია ევროპული სასამართლოს მიერ.
უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი კანონის მიღება ევროკავშირის არაწევრი ნებისმიერი ქვეყნის მიერ არ ამართლებს მისი მიღების მიზანშეწონილობას საქართველოსთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც არ არის დასახელებული არც ერთი საზოგადოებისთვის საინტერესო ან მნიშვნელოვანი მიზეზი. შემოთავაზებული სტიგმატიზაცია საპირისპიროდ უარყოფით რეაქციას და გავლენას იქონიებს როგორც საქართველოს მოქალაქეებზე ქვეყნის შიგნით, ისე საქართველოს აღქმაზე ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისკენ მიისწრაფის.
ამრიგად, ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, იურიდიული ფირმების ასოციაციას მიაჩნია, რომ მოცემული კანონპროექტის ნებისმიერი ფორმით მიღება ეწინააღმდეგება ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს, დემოკრატიულ პრინციპებს და არ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციური პრინციპებიდან და საზოგადოებრივი საჭიროებებიდან.