სიფას ადვოკატების მორიგი წარმატება პრო ბონო საქმიანობის ფარგლებში 

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია 2015 წლიდან ახორციელებს პრო ბონო საქმიანობას იმ პირებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ კვალიფიციური ადვოკატის დაქირავებისთვის საკმარისი სახსრები და საჭიროებენ იურიდიულ დახმარებას. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში, სიფა აქტიურად თანამშრომლობს იურიდიული დახმარების სამსახურთან, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ამისამართებს კონკრეტული სამართლებრივი პრობლემის მქონე პირებს სიფაში, სიფა კი უზრუნველყოფს მათი საქმის გადაცემას ამავე ასოციაციის რომელიმე წევრი იურიდიული ფირმის ადვოკატისთვის დასახმარებლად.
2017 წლის მაისში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციაში შემოვიდა საქმე ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით, რომელიც აიღო სიფას წევრმა იურიდიულმა კომპანიამ – „ბეგიაშვილი და კომპანია“. აღნიშნულმა იურიდიულმა კომპანიამ, წარმოდგენილი ამირან მაკარაძის (Amíran Makaŕadze) სახით, უსასყიდლოდ გასწია მომსახურება საქმეზე და კლიენტს იურიდიული დახმარება გაუწია არა მხოლოდ სარჩელის დაწერის სახით, არამედ, სასამართლოში წარმომადგენლობის გზითაც. საბოლოოდ, 2018 წლის მარტში, კლიენტის სასარგებლოდ, წარმატებით დასრულდა საქმის წარმოება და სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის მიმართ ფულადი ვალდებულების გადახდასთან დაკავშირებით (სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე) თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.
სიფა მოხარულია აღნიშნული საქმიანობის შედეგით და აგრძელებს პრო ბონო საქმიანობას. სიფას, როგორც პროფესიული გაერთიანების მიზანია, ერთი მხრივ, ხელი შეუწყოს მოწყვლადი ჯგუფებისთვის კვალიფიციური იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფას, ხოლო მეორე მხრივ, დაეხმაროს იურიდიული დახმარების სამსახურს სააქმების განტვირთვაში.