ტრენინგი საკორპორაციო სამართალში
2018 წლის 9 თებერვალს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ორგანიზებით, სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi გაიმართა ტრენინგი საკორპორაციო სამართალში.
ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, ნინო ბაქაქური და პროფესორი გიორგი ჯუღელი.
ტრენინგი შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა თანაბარი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ კომპანიაში პარტნიორთა უფლებებთან დაკავშირებული დავები, შპს-დან პარტნიორის გარიცხვა და შპს-დან პარტნიორის გასვლა.
კერძოდ, ნინო ბაქაქურმა ისაუბრა თანაბარი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული დახურული კორპორაციებისთვის დამახასიათებელ პრობლემებზე. ჩიხური ვითარების ცნებაზე და ამ ვითარებიდან გამოსავლის გზებზე როგორც ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით, ისე სხვა ქვეყნების სასამართლო პრაქტიკის მაგალითზე. საუბარი იყო ასევე, კორპორაციაში წარმოშობილი უთანხმოებისას, სასამართლოს მიერ, დამატებითი დირექტორის ან მეურვის დანიშვნასთან დაკავშირებით, რაც ქართული კანონმდებლობისთვის უცხოა, თუმცა წარმატებით გამოიყენება სხვა ქვეყნების სამართლებრივ სისტემებში. ნინო ბაქაქურის მოხსენება შეეხო სასამართლოს მიერ კომპანიის იძულებითი დაშლის შესაძლებლობის მექანიზმსაც და ამასთან, განხილული იქნა საინტერესო და მნიშვნელოვანი როგორც ქართული, ასევე, საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა კორპორაციულ დავებთან დაკავშირებით.
გიორგი ჯუღელმა დამსწრეებს მიაწოდა ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შპს-დან პარტნიორის გარიცხვისთვის და გასვლისთვის საჭირო სამართლებრივი საფუძვლები, წინაპირობები და პროცედურა. მან ასევე ისუბრა გასვლისა თუ გარიცხვის დროს წილის ღირებულების კომპენსაციის გამოანგარიშების და გადახდის საკითხებზე.
ტრენინგი კითხვა-პასუხის და აქტიური დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ღონისძიება განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის მიერ დაფინანსებული სიფას პროექტის – “ადვოკატის როლის გაძლიერება მართლმსაჯულების სისტემაში” ფარგლებში.