კვლევის – “დანაშაულის პროვოკაციის აკრძალვა” პრეზენტაცია
2017 წლის 31 ივლისს, სასტუმრო “Rooms Hotel Tbilisi”-ში, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის და ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმართა კვლევის – „დანაშაულის პროვოკაციის აკრძალვა“ პრეზენტაცია.
კვლევა დანაშაულის პროვოკაციის სამართლებრივ საფუძვლებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის ანალიზს წარმოადგენს და მიზნად ისახავს დანაშაულის პროვოკაციის ამკრძალავი საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობას. კვლევა განხორციელდა სიფას მიერ განხორციელებული პროექტის – „სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება“ ფარგლებში.
პროექტის ფარგლებში, კვლევის ავტორებმა – თინათინ ცხვედიანმა, დავით კვაჭანტირაძემ და ალექსანდრე ნოსელიძემ შეისწავლეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა დანაშაულის პროვოცირების აკრძალვასთან დაკავშირებით, ისევე როგორც, გაანალიზეს საქართველოს კანონმდებლობა და ქართული სასამართლოების პრაქტიკა.
კერძოდ, კვლევის პროცესში, შესწავლილ იქნა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 100-მდე გადაწყვეტილება, ასევე ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, 2014 წლიდან დღემდე წარმოებული სისხლის სამართლის 12 საქმე, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონოდა დანაშაულის პროვოცირებას.
კვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ ქართულ სასამართლო პრაქტიკაში, ისევე, როგორც საკანონმდებლო სივრცეში არსებობს მთელი რიგი ხარვეზები დანაშაულის პროვოცირების აკრძალვის კუთხით, რომელიც შეუსაბამოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ დაუშვებელია დანაშაულის პროვოცირებით მოპოვებული მტკიცებულების გამოყენება ეროვნულ სამართალწარმოებაში და ამგვარი მოქმედება არღვევს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, კერძოდ კი, კონვენციის მე-6 მუხლს.
პროექტის ფარგლებში, ექსპერტებმა კვლევასთან ერთად მოამზადეს ცალკეული რეკომენდაციები, რომლის საფუძველზეც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სააქართველოს კანონში „ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ“ და საქართველოს კანონში „პროკურატურის შესახებ“ ცვლილებების შესატანად ჩამოყალიბდა ცვლილებათა კანონპროექტის პირველადი ვერსია.
კვლევის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს საკანონმდებლო, სამართალდაცვით თუ სასამართლო პრაქტიკაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას და გააძლიერებს დანაშაულის პროვოცირების აკრძალვის ევროპული სტანდარტების დამკვიდრებას საქართველოში.
სიფა მადლობას უხდის ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერისათვის და თანამშრომლობისთვის.
პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის სიფა ასევე მადლობას უხდის ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის“ პროექტს და საქართველოს საელჩოს ლიტვაში.