„სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის გაძლიერება“

2017 წლის, 10-14 ივლისს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მასპინძლობდა სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტს (აშშ) ბ-ნ რიჩარდ გებელინს, რომელსაც  აქვს პროფესიული საქმიანობის 35 წლიანი გამოცდილება, როგორც მოსამართლისა და პროკურორის, ასევე საადვოკატო საქმიანობაში. ექპერტის ვიზიტის მიზანი სიფას მიმიდინარე პროექტში „სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის გაძლიერება“ აქტიური ჩართულობა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა გაზიარება იყო.  კერძოდ, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ექსპერტებმა – დავით კვაჭანტირაძემ და ქეთი ჩომახაშვილმა, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებზე და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის ჭრილში გაანალიზეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული ხარვეზები და შეიმუშავეს ცალკეული რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გაძლიერებას.

ბ-ნ რიჩარდ გებელინის ვიზიტის ფარგლებში სიფა-ს წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა, ანგარიშის წარდგენისა და მოსაზრებების გაცვლის მიზნით, სამუშაო შეხვედრები გამართეს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტთან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან,  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან, საქ-ს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიასთან, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებთან, საქ-ს ადვოკატთა ასოციაციასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

პროექტის მიზანია სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის გაძლიერება, რომლის ფარგლებშიც  მომზადდება სისხლის სამართლის პროცესში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი და წარედგინება პარლამენტს განსახილველად.

პროექტი ხორციელდება  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „კანონის უზენაესობა საქართველოში“ (PROLoG) მხარდაჭერით.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მადლობას უხდის როგორც სახელმწიფო  უწყებების, ასევე  პროფესიული წრის წარმომადგენლებს თანამშრომლობისთვის და თავიანთი მოსაზრებების გაზიარებისთვის.