სიფას სამუშაო შეხვედრა იურიდიული ფირმების ორგანიზაციული მოწყობის და ეთიკის სტანდარტების კონცეფციის ჩამოსაყალიბებლად

2017 წლის 5-6 აგვისტოს, ბორჯომში, სასტუმრო Crowne Plaza Borjomi-ში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მხარდაჭერით, იურიდიული ფირმების ასოციაციამ მიმდინარე პროექტის „ადვოკატის როლის გაძლიერება მართლმსაჯულების სისტემაში“ ფარგლებში  სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა იურიდიული ფირმების ორგანიზაციული მოწყობისა და ადვოკატთა ეთიკის სტანდარტების კონცეფციის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა. სიფას სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა ეთიკის სტანდარტების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე და შედეგად გაანალიზა  საქართველოს ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იურიდიული ფირმებისთვის სავალდებულო ეთიკურ სტანდარტებს. კერძოდ მსჯელობა გაიმართა როგორც ინტერესთა კონფლიქტის როგორც გამომრიცხავ ასევე საგამონაკლისო შემთხვევებზე, კონფიდენციალობის პრინციპის უზრუნველყოფის საკითხებზე, ასევე იურიდიული ფირმის იმ თანამშრომელთა ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობის საკითხებზე, რომლებიც  დასაქმებულები  არიან იურიდიულ ფირმაში და ეწევიან იურიდიულ საქმიანობას, მაგრამ არ აქვთ ადვოკატის სტატუსი, შედეგად მათზე არ ვრცელდება ადვოკატთა ეთიკის კოდექსით განსაზღვრული კონკრეტული ვალდებულებები და შეუძლებელია ამ უკანასკნელის დარღვევისთვის მათი დისციპლინური  პასუხისმგებლობა.

სამუშაო ჯგუფმა ასევე განიხილა იურიდიულ ფირმების ორგანიზაციული მოწყობის საკითხებიც. კერძოდ, ვინ შეიძლება იყოს იურიდიული ფირმის  პარტნიორი ან დირექტორი, რა უფლებამოსილებები უნდა გააჩნდეთ მათ და როგორ უნდა მოხდეს მმართველობითი ფუნქციების სწორად გამიჯვნა.

პროექტის დასასრულს სიფას სამუშაო ჯგუფი მოამზადებს დოკუმენტს, რომელიც იურიდიული ფირმების ორგანიზაციულ მოწყობასთან და ეთიკის საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.