ა(ა)იპ „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ რიგგარეშე საერთო კრებაზე მოწვევასთან დაკავშირებით შეტყობინება
2026 წლის 16 ნოემბერი
ა(ა)იპ „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ (ს/ნ 405032343) წესდების მე-8 მუხლის შესაბამისად, გაცნობებთ, რომ ასოციაციის დირექტორის მოთხოვნის შესაბამისად, ასოციაციის თავმჯდომარის მიერ მოწვეულია ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრება, რომელიც გაიმართება 2026 წლის 8 დეკემბერს, 18:00 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ლ. ანდრონიკაშვილის #1, III სართული, საოფისე ფართი #7.
კრების დღის წესრიგი:
- ასოციაციის წესდების ცვლილება, მათ შორის, ასოციაციის ფიზიკური პირი წევრებისთვის გამგეობის თორმეტ წევრიან შემადგენლობაში ორი წევრის ნომინაციის და არჩევის უფლებამოსილების მინიჭებისა და აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელების წესის განსაზღვრა.
- ასოციაციის გამგეობის ახალი შემადგენლობის არჩევა, მათ შორის, შესაბამისი წესდების ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ფიზიკური პირი წევრების მიერ გამგეობის ორი წევრის არჩევა.
გამგეობის წევრობის კანდიდატურების წარდგენა
მოქმედი წესდების 9.1 პუნქტის შესაბამისად, გამგეობის წევრობის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ასოციაციის ნამდვილი წევრის დირექტორს/პარტნიორს ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს. კანდიდატურის შესახებ ინფორმაცია უნდა ეცნობოს ასოციაციის თავმჯდომარეს ან აღმასრულებელ დირექტორს კრების გამართვამდე მინიმუმ 3 დღით ადრე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@alfg.ge
ფიზიკური პირი წევრების მიერ ასარჩევი ორი წევრის კანდიდატურების წარდგენისა და არჩევის წესი განისაზღვრება წესდებაში შესატანი შესაბამისი ცვლილებებით. 8 დეკემბრის საერთო კრებისთვის და ფიზიკური პირი წევრების გამგეობაში პირველი არჩევნებისთვის (წესდების ახალი რედაქციის მიღების შემთხვევაში), ფიზიკურ პირ წევრებს შესაძლებლობა აქვთ გამგეობის წევრობის კანდიდატურა წარუდგინონ ასოციაციის თავმჯდომარეს ან აღმასრულებელ დირექტორს კრების გამართვამდე მინიმუმ 3 დღით ადრე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@alfg.ge
კრებაში მონაწილეობა და წარმომადგენლობა
საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება ან მასზე წარმოდგენილია ასოციაციის ნამდვილ წევრთა ნახევარზე მეტი.
წესდების ცვლილების საკითხზე ხმის უფლებით სარგებლობენ ასოციაციის ნამდვილი წევრები. თითოეულ ნამდვილ წევრს აქვს ერთი ხმა. წესდების 8.12 პუნქტის შესაბამისად, ცვლილებების დასამტკიცებლად საჭიროა კრებაზე დამსწრე/წარმოდგენილ ნამდვილ წევრთა ხმების არანაკლებ ორი მესამედი.
გამგეობის წევრთა არჩევა ჩატარდება ფარული კენჭისყრით. ფიზიკური პირი წევრების მიერ გამგეობის ორი წევრის არჩევა განხორციელდება შესაბამისი ცვლილებების მიღების შემთხვევაში, შეცვლილი წესდებით განსაზღვრული წესით.
ნამდვილი წევრი იურიდიული პირების წარმომადგენლობა ხორციელდება წესდების 8.2 პუნქტის შესაბამისად. გთხოვთ, უზრუნველყოთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა.
ასოციაციის წესდების 8.2 პუნქტის შესაბამისად, ნამდვილ წევრ იურიდიულ პირს კრებაზე წარმოადგენს რეესტრში მითითებული უფლებამოსილი წარმომადგენელი, ასოციაციის გამგეობაში არჩეული მისი წარმომადგენელი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ გაცემული წერილობითი მინდობილობით აღჭურვილი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ადვოკატი.
გთხოვთ, საერთო კრებაზე უზრუნველყოთ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა.
დღის წესრიგში ცვლილებების მოთხოვნა
წესდების 8.3 და 8.6 პუნქტების შესაბამისად, დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის უფლება აქვთ ასოციაციის ნამდვილ წევრთა არანაკლებ 10%-ს ან ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს. აღნიშნული მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს დღის წესრიგის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 7 დღისა.
დღის წესრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით მოთხოვნა შეგიძლიათ წარმოადგინოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@alfg.ge
დღის წესრიგში ცვლილებების გამოქვეყნება განხორციელდება წესდების 8.7 პუნქტის შესაბამისად.
კრების ორგანიზების მიზნით, გთხოვთ, თქვენი მონაწილეობა და წარმომადგენლის ვინაობა წინასწარ დაგვიდასტუროთ მისამართზე: office@alfg.ge
პატივისცემით,
ქეთევან ქვარცხავა
თავმჯდომარე
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა)