სიფას განცხადება პენიტენციურ დაწესებულებაში საიას ადვოკატისთვის საქმიანობის განხორციელების ხელშეშლის შესახებ
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა) შეშფოთებას გამოთქვამს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატს პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმართან შეხვედრის შემდეგ არ მიეცა შესაძლებლობა, დაწესებულებიდან გაეტანა შეხვედრისას გაკეთებული პროფესიული ჩანაწერები, ხოლო დაწესებულების დატოვება მხოლოდ აღნიშნული ჩანაწერების განადგურების შემდეგ შეძლო.
სიფა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადვოკატის პროფესიული საქმიანობის თავისუფლება და დამოუკიდებლობა, საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობა და ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობის კონფიდენციალურობა მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტური გარანტიებია.
ადვოკატის კლიენტთან შეხვედრის უფლება არ შეიძლება განიმარტოს მხოლოდ როგორც შეხვედრის ფორმალური შესაძლებლობა. ეფექტიანი სამართლებრივი დახმარება გულისხმობს ადვოკატის შესაძლებლობას, მიიღოს და დააფიქსიროს კლიენტისგან პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი ინფორმაცია, შეინახოს შესაბამისი ჩანაწერები და გამოიყენოს ისინი სამართლებრივი დაცვისა და შემდგომი რეაგირების მიზნით, კანონით დადგენილი წესით.
განსაკუთრებით შემაშფოთებელია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადვოკატს რამდენიმე საათის განმავლობაში არ შეეძლო პენიტენციური დაწესებულების დატოვება და, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულება მხოლოდ საკუთარი პროფესიული ჩანაწერების განადგურების შემდეგ დატოვა.
სიფა მიიჩნევს, რომ გავრცელებული ინფორმაცია საჭიროებს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან დაუყოვნებლივ, სრულყოფილ და ობიექტურ შესწავლას და, დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ სათანადო რეაგირებას.
ამასთანავე, მოვუწოდებთ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, უზრუნველყოს ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი გარანტიების სრული დაცვით და არ დაუშვას ისეთი პრაქტიკის ჩამოყალიბება, რომელიც ადვოკატსა და კლიენტს შორის კონფიდენციალური ურთიერთობის ან ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობის შეზღუდვის საფრთხეს შექმნის.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვა არ არის მხოლოდ ადვოკატთა პროფესიული საზოგადოების საკითხი – ეს თითოეული ადამიანის ეფექტიანი სამართლებრივი დაცვისა და სამართლიანი მართლმსაჯულების აუცილებელი გარანტიაა.
სიფა მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ადვოკატთა პროფესიული დამოუკიდებლობისა და საადვოკატო საქმიანობის კანონით გარანტირებული უფლებების დაცვას.