საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის განცხადება ადვოკატ ია სირანაშვილთან დაკავშირებით

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ეხმაურება ადვოკატ ია სირანაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 2026 წლის 1 სექტემბერს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელ ბინაში მიმდინარე ჩხრეკისას, სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში და მის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენეს.

ადვოკატის მიმართ ძალადობა და მისი პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლა სრულიად შეუთავსებელია სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებთან. ადვოკატის თავისუფალი, დამოუკიდებელი და უსაფრთხო საქმიანობა არ არის მხოლოდ პროფესიული პრივილეგია – იგი პირის დაცვის უფლების, მხარეთა თანასწორობისა და სამართლიანი მართლმსაჯულების აუცილებელი გარანტიაა.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავარაუდო ძალადობა განხორციელდა უშუალოდ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, როდესაც ადვოკატი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ასეთ ვითარებაში ადვოკატის საგამოძიებო მოქმედებიდან ძალის გამოყენებით ჩამოშორებამ შესაძლოა ხელჰყოს როგორც მისი პროფესიული დამოუკიდებლობა, ისე დაცვის ქვეშ მყოფი პირის ეფექტიანი იურიდიული დახმარების მიღების უფლება.

ვიტოვებთ იმედს, რომ უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი, სრულყოფილი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება; სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცემა როგორც სავარაუდო ფიზიკურ ძალადობას, ისე ადვოკატის პროფესიული საქმიანობისთვის შესაძლო ხელის შეშლას.

ვითხოვთ გამოძიების პერიოდში უზრუნველყოფილ იქნეს ადვოკატ ია სირანაშვილის უსაფრთხოება და მისი პროფესიული საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელება.

სოლიდარობას ვუცხადებთ ია სირანაშვილს და მთლიანად ადვოკატთა პროფესიულ საზოგადოებას. ადვოკატზე ზეწოლის ან ძალადობის თითოეული შემთხვევა სცდება ერთი ადვოკატის ინტერესებს და საფრთხეს უქმნის საქართველოში დაცვის უფლების რეალურ განხორციელებას.

ადვოკატის დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება სამართლებრივი სახელმწიფოს აუცილებელი პირობაა.