გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია
2016 წლის 9 აგვისტოს ტექნო-პარკ საქართველოში გაიმართა კერძო-საჯარო დისკუსია გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის საჭიროების შესახებ. ღონისძიება ჩატარდა სიფას მიერ განხორციელებული პროექტის გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების ფარგლებში usaid-ის პროექტ g4g მხარდაჭერით. კამპანია მიზნად ისახავს საქართველოს გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის დაწყების ხელშეწყობის მიზნით კერძო სექტორის მობილიზებასა და ჩართულობას კერძო-საჯარო დისკუსიებში, ასევე გადახდისუუნარობის სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას.
ღონისძიებას USAID-ის პროექტ G4G-ის ხელმძღვანელი მაილო სტევანოვიჩი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, ეკონომიკის მინისტრი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ასევე ბიზნესის, საინვესტიციო ფონდების, სასამართლოს და საერთაშორის ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრის პირველ ნაწილში მომხსენებლებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა გადახდისუუნარობის სისტემა და საინვესტიციო გარემო, უზრუნველყოფილი კრედიტორების მონაწილეობა გადახდისუუნარობის საქმის წარმოებაში, არაუზრუნველყოფილი კრედიტორების სტატუსი, სასამართლოს როლი გადახდისუუნარობის პროცესში. მოხსენებები გაკეთდა ინვესტორთა საბჭოს, საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის, საქართველოს ბანკების ასოციაციის და თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმომადგენლების მიერ.
შეხვედრის მეორე ნაწილში პროექტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია ჩატარდა. გეგმა მიმოიხილავს სამუშაო ჯგუფის მიერ კამპანიის განმავლობაში იდენტიფიცირებულ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს და რეკომენდაციებს, ასევე რეფორმის განხორციელების დროს გასათვალისწინებელ პრინციპებსა და მიდგომებს.