სამუშაო შეხვედრა ადვოკატებთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის მიზნით
2015 წლის 7 აპრილს 14:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, “საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადვოკატებთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვის მიზნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებებზე “საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” წევრი საადვოკატო ბიუროების იურისტები 2014 წლის ოქტომბიდან მუშაობენ. ცვლილებების პროექტზე ადვოკატებს მოსაზრებები და შენიშვნები გაუზიარა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, ვოშბორნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა, რორი ბაჰადურმა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების ინიციატივა მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის მიზნით წამოიჭრა. შეთავაზებული ცვლილებების შედეგად პრაქტიკაში იქნება რეალიზებული პროცესის ეკონომიკურობის პრინციპი. ამ მიზნით დაიხვეწა მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმის დაკითხვის და ექსპერტის დანიშვნის წესები. შემოთავაზებულია აგრეთვე ამერიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსზე მოდელირებული დროებითი და ძირითადი უზრუნველყოფის ღონისძიებების დანერგვა. ასოციაციის წევრების ინიციატივაა, რომ მხოლოდ ადვოკატს გააჩნეს უფლება წარმოადგინოს მხარის ინტერესები პირველი ინსტანციის სასამართლოში. გამონაკლისი იქნება ის შემთხვევა, როდესაც პირს სურს თავად ან ოჯახის წევრის საშუალებით იყოს დაცული მისი ინტერესები პროცესზე. ადვოკატები აგრეთვე მიიჩნევენ, რომ თუ პროცესზე წარმოდგენილია მხარე და ადვოკატი, და მხარე ადასტურებს მის გვერდით მყოფი ადვოკატის წარმომადგენლობის უფლებამოსილებას, აღნიშნული საკმარისი უნდა იყოს მოსამართლისთვის, რომ დაადგინოს მხარის ნება და შესაბამისი ადვოკატის უფლებამოსილება. ამდენად, არ უნდა იყოს საჭირო მოსამართლისთვის დამატებით ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარდგენა. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად ზუსტდება ადვოკატის ხარჯები, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევები, საქმის წარმოების განახლების ნორმები; დაიხვეწება მედიაციის და მორიგების მარეგულირებელი მუხლები.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ ცვლილებების განხილვის მიზნით 2015 წლის 24 მარტს შეხვედრა გამართა მოსამართლეებთან. 24 მარტის შეხვედრისას სიფა-ს სამუშაო ჯგუფმა ჩაინიშნა ის მთავარი რეკომენდაციები, რაც მოსამართლეებისგან მოისმინა და მათი გათალისწინებით, 2015 წლის 7 აპრილს პროექტს წარუდგენს ადვოკატების ფართო ჯგუფს. შემდგომი ნაბიჯი კი იქნება პროექტის წარდგენა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების სამუშაო პროცესს მხარს უჭერს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამა“ (JILEP), რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთმართვის ინსტიტუტი.(EWMI)