სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსში „სიფა“-ს მიერ მომზადებული ცვლილებების განხილვა
2015 წლის 24 მარტს, სასტუმრო „ამბასადორში“, “საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა მოსამართლეებთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლებების განხილვის მიზნით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებებზე “საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის” წევრი საადვოკატო ბიუროების იურისტები 2014 წლის ოქტომბიდან მუშაობენ. ცვლილებების პროექტზე ადვოკატებს მოსაზრებები და შენიშვნები გაუზიარა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, ვოშბორნის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორმა, რორი ბაჰადურმა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ცვლილებების ინიციატივა მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის მიზნით წამოიჭრა. შეთავაზებული ცვლილებების შედეგად პრაქტიკაში იქნება რეალიზებული პროცესის ეკონომიკურობის პრინციპი. ამ მიზნით დაიხვეწა მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმის დაკითხვის და ექსპერტის დანიშვნის წესები. შემოთავაზებულია აგრეთვე ამერიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსზე მოდელირებული დროებითი და ძირითადი უზრუნველყოფის ღონისძიებების დანერგვა. ასოციაციის წევრების ინიციატივაა, რომ მხოლოდ ადვოკატს გააჩნეს უფლება წარმოადგინოს მხარის ინტერესები პირველი ინსტანციის სასამართლოში. გამონაკლისი იქნება ის შემთხვევა, როდესაც პირს სურს თავად ან ოჯახის წევრის საშუალებით იყოს დაცული მისი ინტერესები პროცესზე. ადვოკატები აგრეთვე მიიჩნევენ, რომ თუ პროცესზე წარმოდგენილია მხარე და ადვოკატი, და მხარე ადასტურებს მის გვერდით მყოფი ადვოკატის წარმომადგენლობის უფლებამოსილებას, აღნიშნული საკმარისი უნდა იყოს მოსამართლისთვის, რომ დაადგინოს მხარის ნება და შესაბამისი ადვოკატის უფლებამოსილება. ამდენად, არ უნდა იყოს საჭირო მოსამართლისთვის დამატებით ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის წარდგენა. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად ზუსტდება ადვოკატის ხარჯები, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევები, საქმის წარმოების განახლების ნორმები; დაიხვეწება მედიაციის და მორიგების მარეგულირებელი მუხლები.
ცვლილებების პაკეტის მოსამართლეებთან განხილვა მნიშვნელოვანია, რათა გათვალისწინებულ იქნას მათი მოსაზრებები, შენიშვნები და წინადადებები, რითაც ადვოკატების მიერ შემუშავებული ცვლილებები დაიხვეწება, როგორც არსობრივად ისე ფორმულირების თვასლაზრისით. იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრები განაგრძობენ ცვლილებებზე მუშაობას და შემდგომ წარუდგენენ პროექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის რეფორმის განმახორციელებელი საკონსულტაციო საბჭოს საპროცესო სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების სამუშაო პროცესს მხარი დაუჭირა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), „მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროგრამამ“ (JILEP), რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთმართვის ინსტიტუტი.(EWMI)