საქართველოს საერთო სასამართლოების მოქმედი და ყოფილი მოსამართლეების მიმართ აშშ-ს მიერ სანქციების ამოქმედების შესახებ
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აცხადებს, რომ ადვოკატის, როგორც მართლმსაჯულების სისტემის მნიშვნელოვანი მონაწილის, ფუნქციის შესასრულებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს სასამართლო სისტემის გამართულად ფუნქციონირება, სასამართლოსა და მოსამართლეებისადმი პროფესიული წრეების, საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ნდობა და კანონის უზენაესობის პრინციპის შეუქცევადად დამკვიდრება. საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები დიდი ხანია საზოგადოების და მით უფრო პროფესიული წრეების შეშფოთებას და იმედგაცრუებას იწვევს.
ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების, მართლმსაჯულების გაძლიერების და კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში შეუფასებელია საქართველოს მოკავშირეების, მეგობარი ქვეყნების და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის თანადგომა და მატერიალურ ტექნიკური მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების და კერძოდ, სასამართლო სისტემის განვითარების პროცესში. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების უმნიშვნელოვანესი წინაპირობა სწორედ კანონის უზენაესობის და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის არსებობაა.
სამწუხაროდ, წლების მანძილზე უპასუხოდ რჩებოდა პროფესიული წრეების, კვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა, შეფასებები, კვლევები, პრობლემების გადაჭრის გზები, აგრეთვე ჩვენი ქვეყნის პარტნიორების, ამ ქვეყნების შესაბამისი ორგანიზაციების მინიშნებები, მოწოდებები და მითითებები სასამართლო სისტემის გაუმჯობესების შესახებ. მეტიც, ხდებოდა აღნიშნული პრობლემის ნიველირება და მნიშვნელობის დაკნინება, რაც დემოკრატიული ქვეყნისთვის სრულიად მიუღებელია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არასრულყოფილმა სამართლებრივმა სისტემამ განაპირობა გავლენის წერტილების შექმნა, რაც არ პასუხობდა და არ პასუხობს დამოუკიდებელი და კომპეტენტური მართლმსაჯულების სისტემის შექმნის სულისკვეთებას. პიროვნული ფაქტორები და გავლენები სისტემის გაუმართაობის პირობებში ხშირად ნეგატიურ როლს ასრულებენ და აკნინებენ მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. სასამართლო სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის, მისი რეპუტაციის შენარჩუნებისა და მართლმსაჯულების განხორციელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირებისა და კომპეტენციის, მოსამართლეთა დანიშვნა-არჩევის სისტემის მარეგულირებელი კანონმდებლობა.
2023 წლის 5 აპრილს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს საერთო სასამართლოების რამდენიმე მოქმედი და ყოფილი მოსამართლის მიმართ აამოქმედა სანქციები, რაც ყურადღების მიღმა დატოვებული მოწოდებების და მინიშნებების შედეგია. აღნიშნულმა მოსამართლეებმა თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს საქართველოში სამართლის უზენაესობას და სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას.
ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების და ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, დაუშვებელია კანონის უზენაესობის საკითხის იგნორირება. საქართველოს, როგორც დასავლური, დემოკრატიული პრინციპების მატარებელი ქვეყნის ინტერესები, ისევე როგორც სასამართლოს რეპუტაციის, მის მიმართ ნდობის აღდგენის მიზანი მოითხოვს, რომ მოსამართლეებმა, ვინც ამჟამად იკავებენ საერთო სასამართლოების სისტემაში ნებისმიერ თანამდებობას და ვის მიმართაც არსებობს თანმიმდევრული ბრალდებები, მათ შორის, პირველ რიგში, სანქცირებულმა პირებმა პირად ინტერესებზე მაღლა დააყენონ ქვეყნის და სასამართლოს ინტერესები და დატოვონ სისტემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებელი იქნება მათი უფლებამოსილების შეჩერება. ამავდროულად აუცილებელია სახელმწიფომ დაიწყოს საერთაშორისო კომისიის ჩართულობით აღნიშნული პირების მიმართ არსებული ბრალდებების ობიექტური გამოძიება. საქართველოს ხელისუფლებას აგრეთვე მოეთხოვება, ძირეულად გადახედოს სასამართლო სისტემის ნაკლოვანებებს და დაუყოვნებლივ შეუდგეს რეალური, შედეგზე ორიენტირებული რეფორმის გატარებას, რომელიც დაუბრუნებს ქართველ მოსამართლეებს სიამაყეს და პროფესიულ ღირსებას, ხოლო საზოგადოებას – ნდობას სასამართლოს მიმართ.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მზად არის მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი ინტელექტუალური რესურსი და აქტიური მონაწილეობა მიიღოს ფუნდამენტური რეფორმების მომზადებაში სხვა ორგანიზაციებთან და პირებთან, საერთაშორისო პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად