სიფა ბიზნეს რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი გახდა

2018 წლის 2 ნოემბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ბიზნეს რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის („ბრიპა“) დამფუძნებელი წევრი გახდა. აღნიშნული ასოციაციის დაფუძნების იდეა ქვეყანაში მიმდინარე გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმას უკავშირდება და მისი მიზანია გაადხდისუუნარობის რეფორმის მხარდაჭერა, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პროფესიის გაძლიერება და კრიზისში მყოფი ბიზნესის რეაბილიტაცია. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია 2016 წლიდან უჭერს მხარს გადახდისუუნარობის სფეროში დასაქმებული ადვოკატების და ამ სფეროთი დაინტერესებული პირების პროფესიულ გაძლიერებას. ამ მიზნით სიფამ განახორციელა გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის ადვოკატირების კამპანია სახელად „კრიზისი ბადებს შესაძლებლობებს“, რომელშიც აქტიურდ მონაწილეობდნენ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები. 2017 წელს წარმატებით განახორციელა გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომლის ფარგლებშიც ოცმა ადვოკატმა გაიარა სპეციალურად შემუშავებული პროფესიული გადამზადების კურსი განკუთვნილი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საქმიანობისთვის. პროგრამის ფარგლებში სიფა-ს მოწვეული ჰყავდა ორი საერთაშორისო ექსპერტი და გამოცდილი გადახდისუუნარობის პრაქტიოსები – დოქტორი გეზა სტემბერგი (გერმანია) და ობერონ კვოკი (დიდ ბრიტანეთი). აღნიშნული პროექტები განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის –„მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მხარდაჭერით. დღეს, ამ პროექტში მონაწილე პირთა უმრავლესობა ბრიპას დამფუძნებელი წევრია საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან ერთად.

სიფა წარმატებებს უსურვებს ბიზნეს რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციას და იმედს გამოთქვამს, რომ მისი მომავალი საქმიანობა ნაყოფიერი და სასარგებლო იქნება მიმდინარე გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის წარმატებისთვის.