სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების რეკომენდაციები

2015 წლის 25 ივნისს, სასტუმრო თბილისი მარიოტში საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრმა ადვოკატებმა წარმოადგინეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების რეკომენდაციები.

ადვოკატების რეკომენდაციები ეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის გაუმჯობესებას.

დღეს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა დაცვის განხორციელებისას მოიპოვონ საჯარო და კერძო დაწესებულებებიდან ინფორმაცია, მსგავსად გამომძიებლის და პროკურორისა, რომელთაც ასეთი უფლებამოსილება მინიჭებული აქვთ. შესაბამისად, ადვოკატები გამოდიან ინიციატივით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შევიდეს ცვლილება და მიეცეთ შესაძლებლობა სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვონ ინფორმაცია.

ამასთან ერთად, დაცვის მხარის შუამდგომლობით საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უფლება უნდა მიენიჭოს თავად დაცვის მხარეს. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას ახორცილებს გამომძიებელი, რომელსაც შეუძლია დაცვის მხარისვე საწინააღმდეგოდ გამოიყენოს ის მტკიცებულება, რაც მოპოვებულ იქნა დაცვის მხარის შუამდგომლობით. ასეთი ვითარება ეწინააღმდეგება დაცვის უფლებას, რაც სამართლიანი სასამართლოს უფლების მნიშვნელოვანი ელემენტია.

ასევე, დაცვის მხარისთვის პრობლემას წარმოადგენს, რომ მხოლოდ სასამართლო პროცესზე ხდება ცნობილი რა საფუძვლით ითხოვს პროკურატურა პირისთვის აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას. ადვოკატებისთვის პროკურატურის შუამდგომლობა პროცესამდე არ არის ცნობილი, რის გამოც, ხშირად შეუძლებელი ხდება ბრალდებული პირის სასარგებლო მტკიცებულებების და არგუმენტების მომზადება ადვოკატის მიერ. ამიტომ, სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს შესაბამისი ცვლილება და ბრალდების მხარეს დაეკისროს ვალდებულება, სასამართლო სხდომამდე გადასცეს დაცვის მხარეს შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ
დამატებით, ადვოკატების ინიციატივით, საადვოკატო ოფისის ჩხრეკა-ამოღებას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ან ასოციაციის სხვა წარმომადგენელი უნდა ესწრებოდეს. ეს შექმნის დამატებით პროცესუალურ გარანტიას, რომ არ მოხდეს კლიენტის კონფიდენციალური ინფორმაციის ამოღება საადვოკატო ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას.

რეკომენდაციები შემუშავდა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნველყოფისათვის რეკომენდაციების შემუშავება“.