ტრენინგი ინგლისის საკორპორაციო გადახდისუუნარობის სამართალში

2017 წლის 27-29 ნოემბერს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, პროექტის – „გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარება“ ფარგლებში მორიგი ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგი შეეხებოდა ინგლისის საკორპორაციო გადახდისუუნარობის სამართალს, რომელსაც უძღვებოდა ტრენინგისთვის სპეციალურად მოწვეული, ბრიტანელი ექსპერტი, ადვოკატი და გადახდისუუნარობის მმართველი – ობერონ კვოკი (Oberon Kwok; St Philips Chambers).

ბატონმა ობერონმა პროექტის ფარგლებში შერჩეულ მონაწილეებს გააცნო ინგლისის გადახდისუუნარობის სამართლის კანონმდებლობა. ისაუბრა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცედურებზე, მოთხოვნათა რიგითობაზე და მათი წარდგენის თავისებურებებზე. ტრენინგზე საუბარი იყო  გადახდისუუნარობის ადმინისტრირების მიზნებსა და საშუალებებზეც. განხილული იქნა კომპანიის სავალდებულო და ნებაყოფლობითი ლიკვიდაციის პროცესი და რეგულირებული შეთანხმების (CVA)შინაარსი ინგლისური სამართლის მიხედვით.

ტრენინგი კითხვა-პასუხის და პრაქტიკულ სავარჯიშოებზე მუშაობის რეჟიმში მიმდინარეობდა.

„გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარება“ საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის მიმდინარე პროექტია, რომელიც  ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ G4G-ის მხარდაჭერით მიმდინარეობს.