სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2017 წლის 20 ივლისს, საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ინიციატივით და ევროკავშირის პროექტის „სასამართლოს მხარდაჭერა“ თანადგომით,  უზენაეს სასამართლოში გაიმართა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა  თემაზე: „დანაშაულის პროვოკაციის სამართლებრივი საფუძვლებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლო პრაქტიკის მიმოხილვა“.  სხდომას უძღვებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ქალბანატონი ნინო გვენეტაძე, იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარე –  ზვიად კორძაძე და ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი, მოსამართლე რენატე ვინტერი.

ღონისძიება პრეზენტაციის და დისკუსიის ფორმატში წარიმართა. საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ექპერტებმა – დავით კვაჭანტირაძემ და თინათინ ცხვედიანმა, დამსწრეებს გააცნეს თავიანთი კვლევა დანაშაულის პროვოცირების აკრძალვასთან დაკავშირებით. კერძოდ, თინათინ ცხვედიანმა დანაშაულის პროვოკაციის შესახებ ისაუბრა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ხოლო დავით კვაჭანტირაძემ დამსწრე საზოგადოებას დანაშაულის პროვოცირებასთან დაკავშირებული ქართული სასამართლო პრაქტიკა, საკანონმდებლო ნორმების შინაარსი და კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები გააცნო და წარუდგინა შესაბამისი  საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი.

საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით,  ღონისძიებაზე მოწვეული იყო ფრანგი მოსამართლე, ემერიტუსი – მარსელ ლემონდი, რომელმაც ისაუბრა, დანაშაულის პროვოცირების აკრძალვასთან დაკავშირებულ სტანდარტებზე და დამსწრე საზოგადოებას საფრანგეთის კანონმდებლობაში არსებული რეგულაცია გააცნო პროვოცირების კუთხით.

ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის საქალაქო, სააპელაციო და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები. ასევე, სხდომაზე წარმოდგენილი იყვნენ სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატები და საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ექსპერტების მიერ მომზადებულ კვლევასა და რეკომენდაციებზე.

კველვა – „დანაშაულის პროვოკაციის სამართლებრივი საფუძვლებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლო პრაქტიკის მიმოხილვა“ სიფა-ს მიმდინარე პროექტის „სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნველსაყოფად რეკომენდაციების შემუშავება“ ფარგლებში განხორციელდა  ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“-ს მხარდაჭერით. აღნიშნული პროექტის მიზანია დანაშაულის პროვოცირების აკრძალვის კუთხით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, მხარეთა შეჯიბრებითობის უზრუნველსაყოფად, რეკომენდაციების შემუშავება. პროექტის ფარგლებში, ექსპერტემბა კველვასთან ერთად, მოამზადეს ცალკეული რეკომენდაციები, რომლის საფუძველზეც შემუშავდება კანონპროექტის საბოლოო ვერსია  და  წარედგინება დაინტერესებულ მხარეებს განსახილველად.