საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის განცხადება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირებასთან დაკავშირებით

ბოლო დღეების განმავლობაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირებასთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ის უაღრესად კრიტიკული ვითარება, რომელიც შექმნილია სასამართლო სისტემაში.

მოსამართლეობის კანდიდატთა ფორსირებული და არაგამჭვირვალე შერჩევა, შერჩეულ პირთა შორის მხოლოდ მოქმედი მოსამართლეების არსებობა, ზოგიერთ კანდიდატთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული პასუხგაუცემელი კითხვები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის საიდუმლოებით მოცული გადადგომა, სასამართლოებში შექმნილი ვითარება საქმის განხილვის ვადებთან დაკავშირებით, რომელიც გამორიცხავს სწრაფ და ეფექტიან მართლმსაჯულებას, საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობის დაბალი დონე – ეს არის მხოლოდ ხილული ნაწილი იმ აისბერგისა, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მართლმსაჯულებას, არამედ ქვეყნის წინსვლას. არ არსებობს თავისუფალი, დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლოს გარეშე განვითარებული და დემოკრატიული სახელმწიფო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის გამჭვირვალობა და სანდოობა არის ის წითელი ხაზი, რომლის გადალახვაც გამოუსწორებელ შედეგს მოუტანს სახელმწიფოს და მის მომავალს.

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია, რომელიც აერთიანებს ქვეყნის წამყვან 25 იურიდიულ ფირმას და 200-მდე ადვოკატს, ყურადღებით დააკვირდება და აქტიურად ჩაერთვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში და ექნება თითოეული კანდიდატის მიმართ თავისი პოზიცია, რომელიც დაეფუძნება ჩვენი წევრების და სხვა ჩვენი კოლეგების მიერ მოწოდებულ ინფორმაციას კანდიდატების სამოსამართლეო საქმიანობასთან დაკავშირებით და ამ პოზიციას გაუზიარებს საზოგადოებას და საქართველოს პარლამენტს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ჯერზე მაინც მოხერხდება პროცესის გამჭვირვალობისა და სანდოობის მიღწევა, რაც შედეგად განაპირობებს არჩეული მოსამართლეების მაღალ რეპუტაციას. აღნიშნული კი  თავის მხრივ შეიძლება იქცეს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მძლავრ იმპულსად.

 

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცის თავმჯდომარე

ზვიად კორძაძე