სახელმძღვანელო ადვოკატებისათვის, ფულის გათეთრების პრევენციული ზომების თაობაზე

2015 წლის, 4 აგვისტოს სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“  საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის (სიფა) წევრმა ადვოკატებმა  „ადვოკატებისთვის ფულის გათეთრების პრევენციული ზომების თაობაზე“  სახელმძღვანელოს პრეზენტაცია წარმოადგინეს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წლის 27 ივნისს გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულებაა ითანამშრომლოს  ევროკავშირთან ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების საკითხებზე. ასოცირების ხელშეკრულება ავალდებულებს სახელმწიფოს მიიღოს სათანადო ზომები ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების შემთხვევების გამოსავლენად. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონი ადვოკატებზეც ვრცელდება, თუმცა, ადვოკატებს ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ ინფორმაცია ფულის გათეთრების კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების თაობაზე. სახელმძღვანელოს მიზანია გაანალიზდეს ფულის გათეთრების თაობაზე არსებული საკანონმდებლო რეგულირების შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ადვოკატებს მიეწოდოთ ინფორმაცია ფულის გათეთრების სფეროში კანონით დადგენილი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

სახელმძღვანელო შემუშავებულია საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან აქტიური თანამშრომლობის პირობებში და მოიცავს მის რეკომენდაციებსაც.

 

სახელმძღვანელო დაიწერა ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ დაფინანსებული პროექტის „სახელმწიფო პოლიტიკის გაუმჯობესება ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების სფეროში“ ფარგლებში.