სიფას პოზიცია “უკანონო შემოსავლის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონის ცვლილებებზე

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია ახორციელებს კვლევას “უკანონო შემოსავლის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” კანონით ადვოკატებისთვის დადგენილი ვალდებულებების შესაბამისობასთან საერთაშორისო სტანდარტებთან.
2015 წლის 2 აპრილის ფინანსური მონიტორინის სამსახურის ავტორობით და მთავრობის მიერ ინიცირებული “უკანონო შემოსავლების და ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონი”-ს ცვლილებებით დადგინდა დამატებითი ვალდებულებები ადვოკატებისთვის. კერძოდ, ადვოკატები ვალდებულები იქნებიან საეჭვო გარიგების არსებობისას ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის წერილობით ან ზეპირ მითითებას დაემორჩილონ, მიაწოდონ ინფორმაცია პროკურატურას კლიენტის თაობაზე და საეჭვო გარიგების შესახებ შეასრულონ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მითითებები უკანონო გარიგების გამოსავლენად.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას მიაჩნია და ადასტურებს, რომ ადვოკატები არ უნდა იყვნენ ჩართული ფულის გათეთრების დანაშაულის ჩადენაში, ან არ უნდა უწევდნენ კლიენტს ისეთ კონსულტაციას, რომ დაეხმარონ დანაშაულის ჩადენაში, თუმცა შემოთავაზებული ცვლილებები ზღუდავს ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობას და შეუსაბამოა საერთაშორისო სტანდარტებთან. კერძოდ, საერთაშორისო სტანდარტი გამორიცხავს ადვოკატების ვალდებულებას საეჭვო გარიგების შესახებ შეტყობინებაზე სახელმწიფო დაწესებულებებისთვის, როდესაც ინფორმაცია განეკუთვნება პროფესიულ საიდუმლოებას. აღნიშნული ჩანაწერი გულისხმობს კლიენტის უფლებას, წარმოადგინონ მისი ინტერესები და მიიღოს სამართლებრივი რჩევა, იყოს გულწრფელი თავის სამართლებრივ მრჩეველთან და არ ეშინოდეს ამ დისკუსიების შემდგომი გამჟღავნების ზიანის მიუყენებლად, რაც ითვლება ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში მიჩნეულ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობაზე ფუნდამენტური უფლების ასპექტად და ადვოკატთა შესახებ კანონით ადვოკატისთვის დადგენილი ვალდებულების – კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას ემსახურება.
სიფა აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული კანონის ცვლილებები ეწინააღმდეგება იმავე კანონის უკვე მოქმედ დებულებას და ადვოკატის უფლებას არ მიაწოდოს კლიენტის კონფიდენციალური ინფორმაცია სახელმწიფო დაწესებულებებს. დამატებით, ცვლილებების მიხედვით სახელმწიფო დაწესებულება არის უფლებამოსილი ჩაერიოს ადვოკატების პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, მაშინ როდესაც ადვოკატის პროფესიის ზედამხედველი ორგანო ადვოკატთა ასოციაციაა და ადვოკატის პროფესიის რეგულირება მისი პრეროგატივაა.
აქედან გამომდინარე, ვთავაზობთ კანონის ინიციატორებს, კანონის ცვლილებაში, კერძოდ მე-10 მე-3 პრიმა მუხლში დაზუსტდეს და გაიწეროს, რომ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება და ფინანსური მონიტორინგის უფროსის ზეპირი ან წერილობითი ბრძანების შესრულება ადვოკატებს არ ევალებოდეთ თუ ეს ეწინააღმდეგება ადვოკატის მიერ კლიენტის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ადვოკატები კლიენტის ინტერესების დაცვას და პროფესიულ ვალდებულებას ჯეროვნად ვერ განახორციელებენ.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია გეგმავს აპრილში, “უკანონო შემოსავლის და ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონის” გარშემო გამართოს ფორუმი, სადაც დაინტერესებული მხარეები, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის წარმომადგენლები მოწვეული იქნებიან და გაეცნობიან სიფა-ს კვლევას საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე, გაიმართება დისკუსია მხარეებს შორის კანონმდებლობის დახვეწის მიზნით.