სიფა მოხარულია, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის პროცესში

2021 წლის 1 აპრილიდან ძალაში შევიდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სრულიად ახალი, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ორიენტირებულია არსებულ გამოწვევებზე და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ფინანსური სირთულეების პერიოდში საწარმოს სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად, რაც ამავე დროს, მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია (სიფა) მოხარულია, რომ მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის პროცესში, სადაც რეფორმის დასაწყისიდანვე, მისი არაერთი წევრის მეშვეობით, აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებთან, სახელმწიფო უწყებების და დონორი ორგანიზაცების წარმომადგენლებთან ერთად.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია 2016 წლიდან უჭერს მხარს გადახდისუუნარობის სფეროში დასაქმებული ადვოკატების და ამ სფეროთი დაინტერესებული პირების პროფესიულ გაძლიერებას. ამ მიზნით სიფამ ორგანიზება გაუწია არაერთ აქტივობას, მათ შორის, 2017 წელს წარმატებით განახორციელა გადახდისუუნარობის მმართველთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომლის ფარგლებშიც ოცმა ადვოკატმა გაიარა სპეციალურად შემუშავებული პროფესიული გადამზადების კურსი, განკუთვნილი გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა საქმიანობისთვის.
2016-2017 წლებში სიფას მიერ მოეწყო არაერთი საჯარო დისკუსია და განხილვა, რომელიც მიზნად იასახავდა საქართველოს გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმის დაწყების ხელშეწყობის მიზნით, კერძო სექტორის მობილიზებასა და ჩართულობას კერძო-საჯარო დისკუსიებში, ასევე გადახდისუუნარობის სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას; საჯარო უწყებებისთვის წარსადგენად შეიქმნა გადახდისუუნარობის სამართლის რეფორმის სამოქმედო გეგმა;
2018 წლის 2 ნოემბერს, სიფა, მისივე წევრ რამდენიმე ფიზიკურ პირთან და სხვა აქტორებთან ერთად, ბიზნეს რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის („ბრიპა“) დამფუძნებელი წევრი გახდა., რომლის დაფუძნების იდეა ქვეყანაში მიმდინარე გადახდისუუნარობის სისტემის რეფორმას უკავშირდებოდა და მისი მიზანი გაადხდისუუნარობის რეფორმის მხარდაჭერა, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა პროფესიის გაძლიერება და კრიზისში მყოფი ბიზნესის რეაბილიტაცია.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია მიესალმება კანონის ამოქმედებას და იმედოვნებს, რომ ახალი კანონი იქნება ეფექტური საშუალება გადახდისუუნარობის სისტემის სამართავად, რომელიც კრიზისში მყოფ საწარმოებს მისცემს შესაძლებლობას ბიზნესის გადარჩენაზე ორიენტირებული რესტრუქტურიზაციისკენ.