მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის ღონისძიებების მონიტორინგი სისხლის სამართლის პროცესში
2016 წლის 12 აპრილს, ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ წარმოადგინა ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უზრუნველყოფის ღონისძიებების მონიტორინგი სისხლის სამართლის პროცესში“ შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია.
პროექტის ფარგლებში, სიფა-ს სისხლის სამართლის ადვოკატების მიერ მომზადდა კვლევა დაცვის მხარის მიერ სასამართლოს მეშვეობით მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობის შესახებ. კვლევაში ასახულია დაცვის მხარის შუამდგომლობათა შეფასების სტანდარტები სასამართლოში, აგრეთვე გაანალიზებულია ისეთი სპეციალური პრობლემური საკითხები, როგორიცაა ჩხრეკა/ამოღება და დათვალიერება, მტკიცებულებათა მოპოვების შესაძლებლობა გამოთხოვის გზით, კომპიუტერულ სისტემაში არსებული ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებული მიდგომები და სხვა საკითხები.
კვლევის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების დასაძლევად შემუშავდა რეკომენდაციები სასამართლო ხელისუფლების და სხვა სახელმწიფო ორგანოების, ასევე ადვოკატთა კორპუსის მიმართ, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს სისხლის სამართლის პროცესში დაცვის მხარის საგამოძიებო უფლებამოსილების გაძლიერებას და ამით მტკიცებულებათა მოპოვების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას მხარეებისთვის, რაც, თავის მხრივ, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია გეგმავს სამუშაო შეხვედრებს და განხილვებს ყველა დაინტერესებულ ორგანოსა და ორგანიზაციასთან საბოლოო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.