ლანჩ-მითინგი სამშენებლო სამართლის საკითხებზე

2017 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ, წევრთა საჭიროებების გათვალისწინებით, სასტუმროში Rooms Hotels Tbilisi გამართა ლანჩმითინგი სამშენებლო სამართლის საკითხებზე. ღონისძიებაზე საუბარი იყო FIDIC -ის წესებზე და მათი გამოყენების როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ასპექტებზე. FIDIC-ის წესებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრას უძღვებოდნენ იურიდიული კომპანია BLC-ის უფროსი იურისტილაშა უფლისაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნუგზარ გასვიანი.

ლანჩ-მითინგის ფარგლებში საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის წევრ ადვოკატებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია სამშენებლო კოდექსის კონცეფციის და იმ ცვლილებების შინაარსის შესახებ, რომლის შეტანაც უახლოეს მომავალში იგეგმება საქართველოს სამშენებლო სამართლის კანონმდებლობაში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასაუბროდ მოწვეული იყო საქ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა   ფოცხიშვილი. ასევე, შეხვედრაზე საუბარი იყო სამშენებლო ექპერტიზის სერვისების ხელმისაწვდომობაზეც, რომელთან დაკავშირებით დამსწრეთა შეკითხვებს ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსი – ბადრი ლეფსაია პასუხობდა.

შეხვედრა დისკუსიის და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ღონისძიება განხორციელდა სიფას მიმდინარე პროექტის – „ადვოკატის როლის გაძლიერება მართლმსაჯულების სისტემაში” ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (EWMI/PROLoG).