საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციამ შეისწავლა პარლამენტში ხელახლა ინიცირებული კანონის პროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც ამჯერად უმრავლესობის მიერ იქნა მომზადებული. ისევე როგორც ერთი წლის წინ, ასოციაცია თვლის, რომ კანონის მიღება კვლავ არ არის მიზანშეწონილი და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს გაითვალისწინოს ფართო საზოგადოების განწყობა და პროტესტი და შედეგად, მხარი არ დაუჭიროს ამ ინიციატივას.
კიდევ ერთხელ აღსანიშნავია, რომ ამგვარი ინიციატივები ხელს უშლის საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის განვითარებას და ევროკავშირის წევრობის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას.
მიუხედავად იმისა, რომ ინიციატორებმა პროექტიდან ამოიღეს სიტყვა „აგენტი“, ამ კანონის სულისკვეთება და განსაზღვრებები არ შეცვლილა. დღევანდელი მსოფლიო, რეგიონული და სახელმწიფოებრივი გამოწვევების გათვალისწინებით კანონპროექტი არ ასხვავებს მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორებსა და მტრულად განწყობილ უცხოურ ძალებს და მათ ინტერესებს. აღსანიშნავია, რომ იგი თანაბრად შემზღუდველ გარემოს უქმნის ერთის მხრივ ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციებს, აგრეთვე ორგანიზაციებს, რომლებიც ეწევიან რელიგიურ, საგანმანათლებლო, აკადემიურ, სამეცნიერო და სახელოვნებო საქმიანობას, თავისუფალ მედიას და ორგანიზაციებს, რომლებიც ამგვარი დაფინანსებით სხვადასხვა სახის უფასო მომსახურებას უწევენ მოსახლეობას და მეორეს მხრივ, ისეთ ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა მიმართულია ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის საზიანო ინტერესების გატარებისკენ.
კვლავ არადამაჯერებელია კანონის მიღების მოტივი და დასაბუთება. თვალსაჩინოა, რომ შემოთავაზებული რეგულირება გამოიწვევს რეაქციას და უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს მოქალაქეებზე როგორც დასაქმებულებზე, ისე ბენეფიციარებზე.
კიდევ ერთხელ გვიწევს იმის გამეორება, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს მიერ განსაზღვრული სტანდარტებით სამოქალაქო სექტორის შემოთავაზებული რეგულირება ეწინააღმდეგება ადამიანის ძირითად უფლებებს, განსაკუთრებით გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობის უფლებას, კონფიდენციალობის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებასა და დისკრიმინაციის აკრძალვას, აგრეთვე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და ფუნდამენტურ საყოველთაო და ევროპულ ღირებულებებს.
ევროპულ კანონმდებლობასთან ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებებით, განსაკუთრებით ყურადღებით არის მისაღები ადამიანის უფლებათა შემზღუდავი ნებისმიერი კანონი. მით უფრო მიზანშეუწონელი და დამაზიანებელია იმგვარი კანონის მიღება, რომელიც განხილული და უარყოფითად შეფასებულია ევროპული სასამართლოს მიერ.
ამრიგად, ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით, იურიდიული ფირმების ასოციაციას მიაჩნია, რომ მოცემული კანონპროექტის ნებისმიერი ფორმით მიღება ეწინააღმდეგება ქვეყნის დასავლურ და განსაკუთრებით ევროპულ მისწრაფებებს, დემოკრატიულ პრინციპებს და არ გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციური პრინციპებიდან და საზოგადოებრივი საჭიროებებიდან.